21 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ქუჩა არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი, მით უფრო მაშინ, როდესაც პოლიტიკის კეთების სხვა სივრცეები არ არსებობს - ნიკა მელია

რა გეგმები აქვს ოპოზიციას - შიდა კონსულტაციები "ლელოს" ოფისში გუშინ გვიან საღამომდე გაგრძელდა. შეხვედრას გახარიას გუნდის გარდა სხვა ყველა ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რამდენიმე საათიანი მსჯელობის დასრულების შემდეგ, მედიისთვის განცხადებები გაკეთდა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მთავარი ბრძოლის ხაზი კვლავ პერმანენტული აქციებზე გადის, თუმცა, როგორ უნდა გაგრძელდეს არსებული რესურსით სხვადასხვა ქუჩის პიკეტირება და პარლამენტის შეკრებისთვის ხელის შეშლა - არ კონკრეტდება.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა: "დავაანონსებთ კვლავ აქციებს და რატომ - მათ შორის, საერთაშორისო პოზიციების შესანარჩუნებლად, ასევე იმისთვის, რომ მოქალაქეები ნიჰილიზმს არ მიეცნენ და იყოს საზოგადოების კონსოლიდაცია გამარჯვების დასაბრუნებლად. ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ვიაქტიუროთ, მათ შორის იმისთვის, რომ გვქონდეს საერთო პროტესტი, - რა კონკრეტული ლოკაცია იქნება, სად იქნება პროტესტის კერა და თარიღი - ამასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადებით ვაცნობებთ მოსახლეობას," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია: "ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, წინააღმდეგობის მოძრაობა, ძალიან დემოკრატიული ინსტრუმენტის ამოქმედების შედეგად არის გამოყენებული, - ქუჩა არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი, მით უფრო მაშინ, როდესაც პოლიტიკის კეთების სხვა სივრცეები, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, არ არსებობს. გვინდა, რომ გვქონდეს კოორდინაცია, გვქონდეს თანამშრომლობითი ურთიერთობა ერთმანეთთან პოლიტიკურ პარტიებს. 25 ნოემბერს წერტილის დასმა ამ ბრძოლისთვის და ამის წინასწარ პროგნოზირება არ შეიძლება, არც იქნება პასუხისმგებლობიანი და სერიოზული ამის თქმა და ამ ტიპის განცხადების გაკეთება."

დღის ამბები