24 ნოემბერი 2024,   19:08
ვრცლად
ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საბოლოო დასკვნებში გიორგი კალანდარიშვილთან მიმართებით მომხდარი ინციდენტი ასახონ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საბოლოო დასკვნებში ასახონ გიორგი კალანდარიშვილთან მიმართებით მომხდარი ინციდენტი.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ შეაფასა 16 ნოემბერს განვითარებული პროცესები, რა დროსაც ცესკოს თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გაურკვეველი ნივთიერება შეასხა.

ყურადღება გამახვილდა გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციებზეც.

"16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ნათელია, რომ გასული წლების პრაქტიკის მსგავსად, ეს პერსონალური თავდასხმები ამჯერადაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ დისკრედიტაციის და ბულინგის კამპანიის ავტორებს, არჩევნებთან მიმართებაში გაჟღერებული ბრალდებების დასამტკიცებლად არგუმენტები არ აქვთ.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავად იყო ინიციატორი, რომ ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით დადგენილიყო ჭეშმარიტება და სწორედ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით. თუმცა, როგორც ჩანს დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მათივე გაჟღერებულ ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფაქტებით ვერ ადასტურებენ, პერსონალური თავდასხმებით და დისკრედიტაციული კამპანიებით და შეურაცხმყოფელი ქმედებებით ცდილობენ საზოგადოებაში მათთვის სასურველი აღქმების შექმნას, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად გარკვეული წუხილებისა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა თავიანთ წინასწარ ანგარიშებში თუ შეფასებებში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და მის მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასეს კარგად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო პარტნიორები უყურადღებოდ არ დატოვებენ მომხდარს, ამასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს ასახავენ საბოლოო ანგარიშებში და არ დაუშვებენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობაში ჩარევის იმგვარი სტანდარტის შექმნის მცდელობას, როგორსაც ახლა ვხედავთ საქართველოში", - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

დღის ამბები