21 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
საზღვარგარეთ სწავლისა და ვიზების მიღების ცრუ დაპირება - დააკავეს პირი, რომელიც ათასობით ლარს მოტყუებით დაეუფლა

სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ "Facebook-ზე" შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში თითქოსდა დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში წამსვლელთა ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებულ 26 ფიზიკურ პირს ატყუებდა, რომ კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში ისინი ჩაერთვებოდნენ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში და მათზე გაიცემოდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ვიზები.

აღნიშნული გზით, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა 26 ფიზიკური პირის კუთვნილ თანხას, ჯამში 36 000 ლარის ოდენობით", - აცხადებენ უწყებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.


დღის ამბები