03 დეკემბერი 2024,   21:17
ვრცლად
საარჩევნო სარჩელების განხილვა - ჩანიშნული სხდომების გადადების მიუხედავად, პოლიტიკოსები და აქტივისტები დღეს სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ

ჩანიშნული სხდომების გადადების მიუხედავად, პოლიტიკოსები და აქტივისტები დღეს სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. თავდაპირველად მათი გეგმა სპორტის სასახლესთან შეკრება იყო, თუმცა, მოგვიანებით ლოკაცია შეიცვალა და 3 საათისთვის, ოპოზიციური კოალიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად, სწორედ სასამართლოს შენობასთან მივიდნენ. პოლიტიკოსებმა მიმართეს აქციის მონაწილეებს და დაახლოებით 1 საათში მსვლელობა დიღმის მიმართულებით დაიწყეს, საბოლოოდ კი სპორტის სასახლესთან მივიდნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა პროტესტი ხვალაც დააანონსეს, დღეს კი სააპელაციო სასამართლოში გადადებული სხდომები შეაფასეს და თქვეს, რომ ამის მიზეზი სწორედ მათი აქცია გახდა.

სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ლოკაციად სააპელაციო სასამართლო მიზანმიმართულად შეარჩია, რათა ამ ფორმით, სასამართლოზე ერთგვარი ზეწოლა მოეხდინა. მიუხედავად ამისა, "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლეები ყველა საჩივართან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ არჩევნები პროცედურულად გამართულად ჩატარდა, ფაქტები კი რაზეც მესამე სექტორი საუბრობს არასერიოზულია.

ვიდრე თბილისის სააპელაციო სასამართლო გადადებული საქმეების განხილვას დაიწყებს, მანამდე 5 საათზე მეტია, ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია მესამე სექტორის 8 საჩივარს განიხილავს. ისინი სასამართლოში ხმის ფარულობის დარღვევის პრინციპს ასაჩივრებენ. სხდომაზე, რომელსაც სამი მოსამართლე - ზაზა რამიშვილი, ხათუნა ხომერიკი და შოთა სირაძე უძღვებიან, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის, მოითხოვეს საქმეს მტკიცებულებად დართვოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება - კოლეგიამ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა, არ გაიზიარა მოთხოვნა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების თაობაზე. ეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ მოითხოვა და მოტივად, შოთა სირაძის წარსული პოლიტიკური საქმიანობა და შვილის - ვაჟა სირაძის თანამდებობა დაასახელა.

14 უბნის შედეგების გაბათილებაზე მსჯელობენ გორშიც. სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" გორის 32-ე საარჩევნო ოლქის შედეგებთან დაკავშირებით დაობს, მათი თქმით, საარჩევნო უბნებზე დაირღვა ფარულობის პრინციპი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი კი განმარტავს, რომ ყველა უბანზე გორში, არჩევნები პროცედურულად გამართულად ჩატარდა.

არასამთავრობო სექტორის საჩივრების განხილვა ეტაპობრივად, რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გორის რაიონულმა სასამართლომ გუშინ უკვე იმსჯელა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაზე, რომელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა. "ისფედი" მოითხოვდა 15 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალ გადათვლას და ამ უბნების თავმჯდომარეებისა და მთვლელების დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას. სასამართლომ მხოლოდ პირველი მოთხოვნა - უბნების გადათვლა დააკმაყოფილა.

დღის ამბები