21 ნოემბერი 2024,   15:07
ვრცლად
რუსეთი ხარკოვსა და სუმის ოლქში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს განაგრძობს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ისევ ხარკოვი და თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე - რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს განაგრძობს. ოკუპანტმა პოლიციელების დისლოკაციის ადგილს დაარტყა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაიღუპა უფროსი ოფიცერი.

საფრენი უპილოტო აპარატებით განხორციელებული თავდასხმით, დიდი ზიანი მიადგა საცხოვრებელ კორპუსებს - არიან დაშავებულები. დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა.

ხარკოვის პარალელურად, ოკუპანტმა რაკეტები სუმის მიმართულებითაც გაუშვა. უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა მრავალსართულიან კორპუსზე განხორციელდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული დრონების იერიშების შედეგად, ორმა ადგილობრივმა მძიმე დაზიანება მიიღო. ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი კორპუსები, რამდენიმეს კი ცეცხლიც გაუჩნდა.

თავდაცვის რეჟიმში მყოფი უკრაინა, მტრის შეკავებას ფრონტის სხვადასხვა ხაზზე ცდილობს. ადამიანური დანაკარგები აქვს რუსეთსაც. გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტმა 1300-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. სამხედრო რესურსის შემცირების მიზეზით, რუსეთი დახმარებას მოკავშირე ქვეყნისგან იღებს - ასეთი ჩრდილოეთ კორეაა. უკვე დადასტურებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები რუსეთის მიწაზე იმყოფებიან. მოლოდინია, რომ 12 ათასამდე ჩრდილოეთ კორეელი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში უახლოეს დღეებში ჩაებმება.

ადამიანური რესურსით არა, თუმცა ფინანსური და სამხედრო შეიარაღების კუთხით უკრაინის დახმარებას განაგრძობენ ომში მყოფი ქვეყნის პარტნიორები. რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კვლავ მკაფიო განმარტებები კეთდება აშშ-ში. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დღესაც ამბობს, ამერიკა უკრაინის გამარჯვებას უჭერს მხარს.

ბოლო გადაწყვეტილებით, ამერიკამ უკრაინისთვის 425 000 0000 დოლარის დახმარების პაკეტი გამოყო. პენტაგონის ცნობით, დახმარება სხვადასხვა სისტემების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს გულისხმობს, რომლებიც ამერიკული მარაგებიდან გამოიყოფა.

დღის ამბები