21 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავის ამობრწყინება ინგლისის პრემიერლიგაში - 17 წლის ქართველი ფეხბურთელის, ვახტანგ სალიას წარმატების გზა

2025 წლის ზაფხულიდან, ვახტანგ სალია წარმატების მიღწევას უკვე პრემიერლიგის იმ გუნდთან ერთად შეეცდება, რომლის მაისურსაც მოირგებს. 2025 წლიდან, 17 წლის ქართველი ბიჭისთვის ნიუკასლში გადასვლით დაიწყება ცხოვრება ახალ სამყაროში და ისეთ ახალ საფეხბურთო გარემოში, რომელსაც პლანეტაზე ანალოგი არ აქვს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვახტანგ სალიასა და ნიუკასლს შორის გაფორმებული კონტრაქტი, ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ერთ-ერთი გამორჩეული, ხმაურიანი და მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფეხბურთელისთვის ან თბილისის დინამოსთვის, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის. ამ ხელშეკრულებით კიდევ ერთხელ დასტურდება ფაქტი, რომ ქვეყანაში უკვე წლებია, დინამოს აკადემია გამორჩეულია ტალანტების მოძიებითა და მათი აღზრდით.

ვახტანგ სალია იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც საფეხბურთო თვალსაზრისით ზედმიწევნით კარგად იცის, სად, როდის და როგორ იმოქმედოს. 17 წლის სალია, სხვებისგან გამორჩეული და განსხვავებულია რამდენიმე თვისებითა და კომპონენტით, რომელიც მას ბავშვობიდან მოსდევს. კარგი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, მყარად დგას ფეხზე და თამაშის წესების დარღვევის გარეშე, საკმაოდ რთულია მისი შეჩერება.

ფლობს ძლიერ დარტყმას და ბევრისგან განსხვავებით, არასოდეს ერიდება შორი მანძილიდან მეტოქის კარში გოლების გატანას. შესანიშნავად ირჩევს პოზიციას, აქვს გოლის გატანის ალღო და საკმაოდ კარგად თამაშობს თავით.

უყვარს ბურთთან ერთად გადაადგილება, რის საშუალებასაც მას კარგი დრიბლინგის უნარი აძლევს. თუმცა, მის საფეხბურთო არსენალში ერთ-ერთ უმთავრეს იარაღად, მოედნის მცირე მონაკვეთზე, პრაქტიკულად ადგილზე, მეტოქის მოტყუება და ჩამოშორებაა, რაც თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ნამდვილად იშვიათობაა.

ამ საფეხბურთო უნარ-ჩვევების ერთობლიობამ, ჯერ ქართველისადმი ბრიტანელთა ინტერესი განაპირობა, შემდეგ კი მასთან ოფიციალურად თანამშრომლობის სურვილი გააჩინა რაც კონტრაქტზე ხელმოწერით დადასტურდა.

სალიას დღევანდელი კონდიციები, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ჩემპიონატს და ამიტომაც არის ეროვნულ ლიგაში გამორჩეული სხვა ფეხბურთელებისგან. თუმცა, ის საფეხბურთო რეალობა, რომელშიც ქართველი 2025 წლის ზაფხულიდან ფეხს შედგამს, რადიკალურად განსხვავებული და ყოველმხრივ მასშტაბურია, ამიტომ პირველ რიგში, თავად ფეხბურთელი უნდა იყოს ფსიქოლოგიურად შეგუებული იმ გარემოებების დაძლევასა და გადალახვაში, რომელიც მას საფეხბურთო კუთხით პრემიერლიგის გუნდში დახვდება.

სალია მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ნიუკასლის მაისურს მოიგებს და სენტ ჯეიმს პარკის მინდორზე 52,350 გულშემატკივრის მიერ შექმნილი, საოცარი საფეხბურთო ატმოსფეროს თანხლებით გავა. გავა იქ, სადაც 1997-2000 წლებში არა ერთი მაღალი დონის შეხვედრა ჩაუტარებია და თემურ ქეცბაიას. გავა იქ, სადაც უთამაშია ზურაბ ხიზანიშვილს და გახდება კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სრულად გაიზიარებს ბრიტანული ფეხბურთის შთამბეჭდაობას და გარემოს, რომლის შექმნაც მხოლოდ ინგლისელ გულშემატკივარს შეუძლია.

ევროპული საფეხბურთო ქვეყნების წამყვან და ტრადიციულ კლუბებში, მითუმეტეს კი ბრიტანულ გუნდებში მოხვედრა შემთხვევით არ ხდება. მაშინ როცა გამადიდებელი შუშის ქვეშ, ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე და მძაფრი კონკურენციის პირობებში ისეთი კლუბი, როგორიც ნიუკასლია არჩევანს ქართველზე აჩერებს, მრავლისმთქმელი და დასაფასებელია. ეს არ არის სალიას მიერ მხოლოდ ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშის შედეგი, რადგან ქართველი ფეხბურთელი, კარიერის განვითარების ყველა ეტაპზე, თავისი შრომისმოყვარეობისა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით ყოველთვის შესამჩნევი და გამორჩეული იყო.

2025 წლის ზაფხულიდან ქართველი სალია იმ კლუბის მაისურს მოირგებს, რომლის ღირსებასაც კევინ კიგანიდან დაწყებული, ალან შირერით დამთავრებული, მსოფლიო დონის უამრავი ვარსკვლავი იცავდა. ამ დონის ჩემპიონატში და ასეთ საფეხბურთო გარემოში აღმოჩენა, პირდაპირ კავშირშია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯში, რომლის ლოგიკური წერტილი, ჯერ ნიუკასლში შემდეგ კი ეროვნულ გუნდში ადგილის დამკვიდრება უნდა იყოს.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი. 

 

დღის ამბები