21 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
"შეუძლებელია მსგავს არასერიოზულობაზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება" - სოფო ჯაფარიძე "ოცნების" ბრალდებებზე

ოპოზიციაში "ქართული ოცნების" ბრალდებებს უპასუხეს. კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს ბრალდებებიო "არასერიოზულია".

"შეუძლებელია მსგავს არასერიოზულობაზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება. ეს არის დაცინვა, პირველ რიგში, ხალხის - იმ ხალხის, რომელსაც მოჰპარეს ხმები. ეს არის მართლაც წარმოუდგენელი რასაც ისინი კადრულობენ, სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას," - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, არ ჰგონია, ამ ბრალდებების ადრესატი მისი პარტია იყოს.

"რა ვიცი, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით არა მგონია საუბრობდეს. ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები. თუ რამის თავი აქვთ, გამოვიდნენ და იმ მტკიცებულებებზე ილაპარაკონ, რომელიც გავასაჯაროვეთ, რომელიც საზოგადოებას ვაჩვენეთ და რომლის გამოძიების ვალდებულებაც აქვთ," - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისთვის მოუწოდა. პროკურატურაში უკვე შევიდა სარჩელი "ქართული ოცნების" სახელით.

დღის ამბები