"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია ეუთო/ოდირი არჩევნებთან მიმართებაში სიტყვა თავისუფალსა და სამართლიანს არ იყენებს და არჩევნების აღიარებასთან მიმართებაში სიტყვა - კონკურენტუნარიანს იყენებს. გივი მიქანაძემ ამის შესახებ გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.
"ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია საჯარო წყაროებით მოიძიოს ეუთო/ოდირის ბოლო წლების ანგარიშები, ნებისმიერ ქვეყანაში, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროპის კონტინენტზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ანგარიშები, ვერსად სიტყვა - "თავისუფალსა და სამართლიანს" ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ ეს ტერმინი კარგა ხანია ეუთო/ოდირის მიერ აღარ გამოიყენება და არჩევნების კონტექსტში ისინი იყენებენ სიტყვა კონკურენტუნარიანს.
სადაც ფიქსირდება, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ეს მიუთითებს, რომ არჩევნები შედგა. არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ანგარიში, სადაც კი არ უნდა ჩატარდეს ის, ეუთო/ოდირს აქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც თავის დასკვნით ანგარიშში წარადგენს. მთავარი არის ის, რომ არჩევნები რომ შედგა, სწორედ კონკურენტუნარიანობის კონტექსტში გადის ეს მოცემულობა.
პირველი, რაც გააჟღერა ეუთო/ოდირის წარმომადგენელმა, რომელმაც არჩევნების მეორე დღეს სხვა საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელებთან ერთად გააკეთა საჯარო განცხადება პრესისა და საზოგადოების წინაშე, მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, სადაც არჩევნების ლეგიტიმურობაზე და მისი ჩატარების აღიარებაზე იყო საუბარი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.