21 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ოპოზიციის გეგმა - ხელისუფლების ოპონენტები კონსულტაციებს დღეს ორ ბანაკად მართავდნენ

ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრები დილიდან დაიწყეს, თუმცა სხვადასხვა ბანაკში, უცვლელ მისამართზე დღეს მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსები მივიდნენ. ზურა ჯაფარიძე, თინა ბოკუჩავა, ლევან ცუცქირიძე, დახურულ კარს მიღმა, სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ, თუმცა შარაშიძის 7 ნომერში ლიდერები სრული შემადგენლობით არ ყოფილან. მეორე პოლიტიკური ბანაკი "ლელო" იყო. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას, სტუმრები დღეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობიდან" ჰყავდა.

ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრებს არ დასწრებია ნიკა გვარამია, რომელიც პირველივე დღიდან კონსულტაციებში აქტიურად მონაწილეობდა. მაშინ, როდესაც კოლეგები შეხვედრებს მართავდნენ, სოციალურ ქსელში მან სტატუსი გამოაქვეყნა და მხარდამჭერებს საპროტესტო აქციაზე, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ოპოზიციის მოქმედებით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია მიხეილ სააკაშვილი. პატიმარი ექსპრეზიდენტი ოპოზიციას იმის გამო საყვედურობს, რომ პირველი და ერთადერთი დემონსტრაცია ორ საათში დაშალეს და ახლაც დროს მხოლოდ შეხვედრებს უთმობენ.

მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციას მასობრივი დემონსტრაციის ჩატარების რესურსი არ გააჩნია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დიდი უპირატესობით დამარცხებული პარტიები, არჩევნების შედეგებს ვერც ქუჩაში გამოსვლით შეცვლიან.

ოპოზიციასთან კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი გამართა პრეზიდენტმაც, თუმცა დღეს ათონელის რეზიდენციის კარი არცერთი პარტიისთვის არ გაღებულა. 

დღის ამბები