პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებაზე განმარტებას აკეთებს.
სამხარაძის განცხადებით, ეუთო/ოდირს არც აშშ-ში და არც ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები არ შეუფასებია, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რადგან ეუთო/ოდირი ამ ტერმინოლოგიას არ იყენებს.
მისი თქმით, საქართველოს მიმართაც სწორედ ეს მიდგომა მოქმედებს და ამის ფარგლებში მოხდა შეფასებაც.
"მე ათზე მეტ არჩევნებს ვაკვირდებოდი ეუთოს სხვადასხვა წევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეუთო/ოდირის მიერ არც ერთი ეს არჩევნები არ შეფასებულა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. რატომ? იმიტომ, რომ ეუთო/ოდირი ამ ტერმინებს არ იყენებს. აქედან გამომდინარეობს საქართველოს მიმართ იგივე მიდგომა", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.