21 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა არასწორი აღქმები გამოიწვიოს, მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას - ნათია იოსელიანი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ნათია იოსელიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს ეხმაურება. მისი თქმით, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეოებმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი აღქმები.

იოსელიანმა დაინტერესებულ პირებს მიმართა და მოუწოდა, რომ მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან, თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას, ამისთვის მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს და მიიღონ კვალიფიციური, კანონისმიერი განმარტება.

“სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება ვირუსულად იმგვარი ვიდეოების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა არასწორი აღქმები გამოიწვიოს. ჩვენ, დღეს, საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია ხელვაჩაურის მე-16 უბნის აპარატის წინასწარი ამონაწერის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვევა, 2 263 ტექნოლოგიური საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 7 შემთხვევაშია. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ 7 შემთხვევაში, საუბნო-საარჩევნო კომისიის მიერ ორი ან სამი მთვლელი აპარატის ნაცვლად, განხორციელდა ერთით ნაკლები მთვლელი აპარატის კონსოლიდაცია და გამოიგზავნა ცესკოს სერვერზე, რაც დაუყოვნებლივ აიტვირთა. ამასთანავე, ყველა ტექნოლოგიურ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით გადათვლა და შესაბამისი ოქმების განთავსება, რაც წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ გაეცნოს ამას. საკითხის იდენტიფიცირებისთანავე, შესაბამისმა კომისიებმა, მყისიერად განახორციელეს ყველა მთვლელი აპარატის კონსოლიდაცია და პროცედურების დაცვით ცესკოში გადმოგზავნა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ უმაღლესი გამჭვირვალობის სტანდარტის დაცვით, ცესკო არ ახორციელებს ვებგვერდიდან მის წაშლას ან ჩანაცვლებას. ყველა ინფორმაცია რჩება ხელმისაწვდომი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად.

რაც შეეხება ანგარიშების სრულად კონსოლიდირებული საბოლოო ვერისების დამატებით ატვირთვას, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი პარტნიორი, ვენდორი ორგანიზაციის “სმარტმატიკის“ შესაბამისი დადასტურების გარეშე, მხოლოდ ცესკო ვერავითარ ინფორმაციას, ან ვერავითარ მონაცემს ვერ შეცვლის. შესაბამისად, წინასწარი ანგარიშების და ოქმებთან დაკავშირებით განხორციელებული ყველა პროცედურა შესაძლებელია მხოლოდ ორმაგი დადასტურებით, რის გამოც, სრული კონსოლიდირებული ვერსიების განთავსება განხორციელდა ვენდორის მხრიდან შესაბამისი დადასტურების შემდეგ. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ დღეს 73 საოლქო-საარჩევნო კომისიაში, წილისყრით გამოვლენილი 367 უბნების შედეგები გადაითვალა. ასევე, ხვალ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით სხვა საარჩევნო უბნების გადათვლა.

ამის შედეგად, შესაძლოა მცირედით შეიცვალოს მონაცემები, რაც მიიღება საოლქო-საარჩევნო კომისიების განკარგულებით ზემოთნახსენები პროცედურების შესაბამისად აიტვირთება და თავისთავად, ინფორმაციაც განახლდება ცვლილებების შესაბამისად, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან, თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას, რა მიზნითაც მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური და კანონისმიერი განმარტება ჩვენგან“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

დღის ამბები