ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 5 უბნის მონაცემები ხელახლა დათვალეს. 70-დან 5 უბანი ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. გადათვლის პროცესში კი ოლქისა და უბნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის კომისიის წევრები პარტიებიდან.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ცდომილება არ დაფიქსირდა. ზუგდიდში 116 ათას 526 მოქალაქიდან არჩევნებზე 55 ათას 98 მივიდა, აქ უპირატესობა “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
“ლოტოტრონის საშუალებით, გუშინდელ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, შემთხვევით შერჩევის საფუძველზე, გამოვლინდა 5 უბანი. ეს უბნები არის N9, N25, N42, N45 და N 52-ე უბანი. უბნის შედეგების გადათვლა მოხდა კანონმდებლობის საფუძველზე, შედეგები უცვლელია, ამ გადათვლების შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, შედეგების უცვლელად დატოვების შესახებ,“ - აცხადებს მირანდა მესხი.