21 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ISFED-ის გადაწყვეტილება - "ქართული ოცნება" "სამართლიან არჩევნებს" პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე ISFED-ს პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "სამართლიან არჩევნებს" საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება მოუწევს. პარლამენტის თავმჯდომარე ამ პროცესში NDI-სა და USAID-ის პასუხისმგებლობასაც ხედავს და აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, მათ უნდა აიძულონ ISFED პარალელური დათვლის სრული ანგარიში გამოაქვეყნონ.

ISFED-მა ხმის პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე უარი თქვა. გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც აკვირდებოდა, დღის ბოლოს მიიღო. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ISFED ხმის პარალელური დათვლის შედეგებს არ გაასაჯაროებს. თუმცა, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ შემაჯამებელ განცხადებაში წერია, რომ მათ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა. ინფორმაციას ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი "კურიერსაც" უდასტურებს, მაგრამ ამის პარალელურად, ნინო დოლიძე ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ზეწოლის ქვეშაა და ეს არის მიზეზი, რის გამოც ISFED პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს არ აქვეყნებს. მამუკა მდინარაძემ ორგანიზაციას დღეს 2020 წლის არჩევნებზე შედეგების გაყალბებაც შეახსენა.

ოპოზიცია, რომელიც ISFED-ს არჩევნებამდეც და ახლაც ენდობა ამტკიცებს, რომ არ იცის, როგორ ხდება პარალელური ხმის დათვლა და არც დასკვნა უნახავს. იმ ფაქტის მიუხედავად კი, რომ სამართლიანი არჩევნების შედეგები ცესკოს მონაცემებს ემთხვევა, ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ არჩევნები მათთვის მაინც არალეგიტიმურია.

პრემიერ-მინისტრისთვის ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ არჩევნების არაღიარება კარგად ნაცნობი სცენარია. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიცია მარცხს ვერ ეგუება და ახლა ენჯეოებთან ერთად ცდილობს, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს კონსტიტუციურ წესრიგს

ISFED-მა შემაჯამებელ განცხადებაში გუშინ თქვა, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს ემთხვევა. დღეს კი სრული შედეგების გამოქვეყნებაზე უარი თქვა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" მხარი ამომრჩეველთა 53.9%-მა დაუჭირა.

 

 

 

 

 

დღის ამბები