მათ ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და დეზერტირობაზე ვინც დააკავეს, დაიჭირეს გასაგებია, მაგრამ საქმეების აღძვრა არ დავიწყებიათ ჯარისკაცების წინააღმდეგ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ, ომის თემის გამოძიებაზე როცა ვლაპარაკობდით წინასაარჩევნოდ და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ, იქ სამხედროებზე საუბარი არავისზე არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით არსებულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა ან არსებობს, ჯარისკაცების დადანაშაულება არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი. შესაბამისად, მდინარაძე აღნიშნავს, რომ როდესაც „ქართული ოცნება“ ომის დანაშაულის გამოძიებაზე საუბრობს, იგი არ ეხება არც ერთ ჯარისკაცს, ვინაიდან დანაშაული ჩაიდინა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ.
„არც ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით ოდესმე - დღეს, ხვალ არსებობდეს ან არსებობდა, არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ გენერალს, მათ მომხრესაც კი - ეს გოგავა იქნება, ყურაშვილი იქნება თუ სხვა, არ შეიძლება შეეხოს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ისინი იყვნენ, ვინც მათ დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა - ეს დაშვება გააკეთეს რეზოლუციაზე ხელმოწერით და მერე დაიწყეს დეზერტირობაზე და სხვადასხვა მუხლებით გამოძიება და ჩვენ ვართ ის ხალხი, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთ მათგანს, არანაირი საფრთხე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით არ ემუქრება. იმიტომ, რომ თუ რამე დანაშაული ჩაიდინა, ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ. ეს იყო მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე და თან ღალატი ერქვა ამ დანაშაულს.“ - აღნიშნა მდინარაძემ.
ასევე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღო კანონიდან.
„სხვათა შორის, რამდენიმე თვით ადრე, სამშობლოს ღალატის მუხლი, სახელმწიფოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღეს, გააქრეს კანონიდან და სამხედროებთან დაკავშირებით, დიდი ბოდიში და სულ ფეხებზე ეკიდათ, რა იქნებოდა. საქმეების გამოძიება დაიწყეს, ათეულობით საქმეა დაწყებული - არც ერთზე შედეგი დღეს არ დადგება, არ გაგრძელდება და სამხედროები, გენერლით დაწყებული, რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, არასდროს არ იქნებიან იმ რისკის ქვეშ, რასაც მათ მიმართ ომთან დაკავშირებით რაიმე სახის ომთან დაკავშირებული გამოძიება შეიძლება ერქვას. ეს შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვინ არის რუსის საქმის მკეთებელი, თუნდაც ამ ერთი მაგალითიდან კარგად ჩანს. ევროპისკენ მიმავალია თურმე რუსი და საქმით სიბნელეში ჩამთრევი, გაუპატიურებაში, მკვლელობაში, ბიზნესის რეკეტში და ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მხილებულია თურმე ევროპელი. ვერ იქნება ევროპის სახე მწამებელი ვერასდროს.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.