"მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გუნდს, დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა ქართველ ხალხს. ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი მაინც განსაკუთრებით რთული იყო, ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან, "ქართულ ოცნებასთან" ერთად. მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს, მადლობა თანადგომისთვის, მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორიც არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.