21 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
მთავრობის ბოლო სხდომა არჩევნების წინ - პრემიერ-მინისტრმა მასშტაბური და ამბიციური გეგმები წარმოადგინა, რომლებიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ, ეროვნული ამოცანების შესასრულებლად, "ქართულმა ოცნებამ" მყარი საფუძველი უკვე შექმნა და გეგმების განხორციელება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა განვითარების ახალ საფეხურზე გადავა. ბიუჯეტის ზრდა, უმუშევრობის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილები, ინვესტიციების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ანაკლიის პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი - ეს მასშტაბური პროექტები, პრემიერის შეფასებით, მთავრობის ამბიციური და რეალური გეგმის ნაწილია.

სამთავრობო გეგმის შესრულებაში ყველა სამინისტრო საკუთარ წვლილს შეიტანს. უწყების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო პროექტების განხორციელება, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის საერთაშორისო როლის გაძლიერებას უწყობს ხელს.

პროექტები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები საუბრობენ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია ოპოზიციისთვის.

ყველა სკეპტიკოსს, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საზოგადოება პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგი "ქართულ ოცნებას" საშუალებას მიცემს, ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება შეუფერხებლად გააგრძელოს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2 დღეში გაიმართება.

დღის ამბები