21 ნოემბერი 2024,   18:06
ვრცლად
ტერაქტი თურქეთში - ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, პოლიცია ამოწმებს ყველა მანქანას, აეროპორტებში უსაფრთხოების ნარინჯისფერი დონე ამოქმედდა

ალი ორეკი, მეტსახელად როჯერი, და მინე სევჯინ ალჩიჩეკი - ანკარაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმა სწორედ ამ სახელებსა და გვარებს უკავშირდება. თურქული მედიის მტკიცებით, ქალი და მამაკაცი, რომლებიც ავიაკოსმოსურ კომპანიას დაესხნენ თავს და 5 ადამიანი მოკლეს, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები არიან. სპეცრაზმმა ორივე ადგილზე გაანეიტრალა, მესამე ტერორისტმა კი თავი აიფეთქა.

ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა - პოლიცია ამოწმებს ყველა მანქანას, აეროპორტებში კი უსაფრთხოების ნარინჯისფერი დონე ამოქმედდა.

პარალელურად, თურქეთში გლოვაა. მოქალაქეები ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, დილიდან, პატივს მიაგებენ. ანკარაში გაიმართა იმ ტაქსის მძღოლის დაკრძალვის ცერემონია, რომელმაც ტერორისტები თავდასხმის ადგილზე მიიყვანა. სწორედ მურათ არსლანი აღმოჩნდა მათი პირველი მსხვერპლი.

ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა, მათგან 8 სპეცრაზმელია. დაღუპულებს შორის არის ზაჰიდე გუჩლუ, რომელიც აეროკოსმოსური კომპანიის თანამშრომელი იყო. მას ქორწინების წლისთავი ჰქონდა და საწარმოს შესასვლელში ტერორისტებს მხოლოდ იმიტომ შეხვდა, რომ ქმრისგან გაგზავნილი საჩუქარი აეღო.

ბოლო წლებში თურქეთში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი უპასუხოდ არ დარჩენილა. თავდასხმიდან რამდენიმე საათში, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში სირიისა და ერაყის ჩრდილოეთში ქურთისტანის მუშათა პარტიის 47 ობიექტზე მიიტანეს.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა, რომელიც ერდოღანის მოკავშირეა, განაცხადა, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის დაპატიმრებული ლიდერის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს, თუ ის უარს იტყვის ძალადობაზე და დაშლის ორგანიზაციას. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ანკარაში მომხდარი თავდასხმა სწორედ ამ განცხადების პასუხია.

თურქეთს წერტილოვანი და მტკივნეული დარტყმა ზუსტად მაშინ მიაყენეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი რუს კოლეგას ქალაქ ყაზანში მიმდინარე ბრიქსის ფორუმზე ხვდებოდა. ერდოღანმა ვიზიტი შეწყვიტა, თუმცა, სამშობლოში დაბრუნებამდე, მსოფლიოს რუსეთიდან მიმართა.

თურქეთს სამძიმარი გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმა. განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტსა და თურქ ხალხს თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

დღის ამბები