"რაც არ უნდა მცირე დრო იყოს დარჩენილი [სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე], ერთი თვე, თუ ერთი კვირა, მას სახლში აუცილებლად იმპიჩმენტის წესით გავისტუმრებთ", - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასე ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი "სახელმწიფობანას თამაშობს და სერიოზულად არ აღიქვამს იმ პოსტს, რომელსაც ფორმალურად იკავებს".
"რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მცდელობას, რომ ოპოზიციის ავანგარდში იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დავალება მას გარე აქტორებისგან აქვს მიღებული. სწორედ ამიტომ ცდილობს ის, რომ გარშემო სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, უფრო ზუსტად კი - აგენტურული ქსელი შემოიკრიბოს.
როგორ ფიქრობთ, ისეთ ადამიანებს, როგორებიც ოპოზიციურ სპექტრში არიან, ძალიან მოსწონთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ გაერთიანდნენ? იქ იმდენად ამბიციური პიროვნებები არიან, რომ უცხოელი პატრონებისგან მიღებული დავალების გარეშე არც იმ სასაცილო ქარტიაზე არ მოაწერდნენ ხელს და არც სალომე ზურაბიშვილის სასახლეში არ ირბენდნენ რაღაც კონსულტაციებისთვის.
სალომე ზურაბიშვილი ძალიან სასაცილო გადაწყვეტილებებს გვთავაზობს. რომელ ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი და ვისთვისაა ეს საჭირო? ქვეყანაში არც არეულობაა, არც კრიზისია და ა.შ. არჩევნების პროცესი ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მომავალი ხელისუფლება დემოკრატიული გზით იქნება არჩეული, რომელთანაც თანამშრომლობის სურვილს იგივე ჰერჩინსკი უკვე გამოთქვამს და დარწმუნებული ვარ, დასავლელი სხვა პოლიტიკოსებიც ასე ფიქრობენ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფობანას თამაშობს და სერიოზულად არ აღიქვამს იმ პოსტს, რომელსაც ფორმალურად იკავებს.
როგორც კი საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ხელახლა დავაყენებთ. რაც არ უნდა მცირე დრო იყოს დარჩენილი [მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე], ერთი თვე, თუ ერთი კვირა, მას სახლში აუცილებლად იმპიჩმენტის წესით გავისტუმრებთ. ეს სიმბოლური აქტი იქნება იმისთვის, რომ მას არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ - გადაყენებული პრეზიდენტის წოდება ჰქონდეს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.