21 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
“23 ოქტომბრის ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა“ - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში, 23 ოქტომბერს პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რის გამოც თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე იმოქმედებს.

“გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე; მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩიდან, მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრას მძღოლები სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდგომ კი, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ; მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ “რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების საშუალებით.

მეტროსადგურ “რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი კერძო ავტომობილებით გადაადგილებისგან, რათა მგზავრობისას დისკომფორტი არ შეექმნათ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები