21 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ერთი თვე ანაკლიაში საქართველოს ახალი საზღვაო კარიბჭის მშენებლობის დაწყებიდან - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ბელგიური კომპანია განახორციელებს

სტრატეგიული პროექტი, რომელიც განავითარებს ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურას და შუა დერეფნის კონტექსტში გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი განახორციელებს. კონტრაქტორი, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზღვაო სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.

ანაკლიის პროექტის განხორციელების პირველ ფაზაში, ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებისა და “ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოები შესრულდება. სექტემბრის თვეში კომპანიამ ტერიტორია გეოლოგიურად უკვე შეისწავლა, ახლა კი დეტალური პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ბელგიურ კომპანიაში, ასევე, ეკონომიკის სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ ნავსადგურის მშენებლობა ისეთ დადებით შედეგებს მოიტანს, როგორიცაა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა, წარმოების გაზრდა, საგარეო ვაჭრობის გაფართოება, ეკონომიკური ზრდა, შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარება და თავისუფალი ეკონომიკური - სამრეწველო ზონის შექმნა.

სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა მაშინ დადო, როდესაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ წყვეტდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. თუმცა კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პირიქით, საქართველოს მთავრობას სდებდა ბრალს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში. ხაზარაძემ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსაც მიმართა და 1,5 მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა. თუმცა არბიტრაჟმა სარჩელი არ დააკმაყოფილა და მოსარჩელეს თავად დააკისრა მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის
გადახდა. დღეს, მამუკა ხაზარაძის ნაცვლად “ლელოში“, მისმა თანაგუნდელებმა ისაუბრეს.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის შეუსრულებელ ვალდებულებებზე ისაუბრა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ. ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა 6 წლის განმავლობაში საწესდებო კაპიტალიც ვერ შექმნა.

დღეს ანაკლიაში გამართული ღონისძიების ფარგლებში, კომპანია “იან დე ნულსა“-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - დოკუმენტის თანახმად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საკუთრებაში არსებულ გემზე, რომელიც ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებზე იმუშავებს.

დღის ამბები