რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კონსულტაციები განაახლა და პირველ სტუმრად თავისი ინიციატივების უპირობო მხარდამჭერი - ნიკა გვარამია მიიღო. ისაუბრეს თუ არა წინასაარჩევნოდ “ტექნიკური მთავრობის“ დაკომპლექტებაზე, უცნობია. ათონელის სასახლიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა.
ორბელიანების სასახლე დღეს უკომენტაროდ დატოვეს მამუკა ხაზარაძემ და თინა ბოკუჩავამ. “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მაგივრად კომენტარი “დღის კურიერში“ პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა და თქვა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. პოზიციას არ ცვლიან გახარიას პარტიაში და ამბობენ, რომ მათთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა ნებისმიერ ფორმატში წითელი ხაზია
.
კოლეგა ოპოზიციონერების გაერთიანების არ სჯერა “გირჩს“, რომელმაც ზურაბიშვილის ქარტიას თავიდანვე უარი უთხრა. იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციას ქარტიის გამოყენებით, მიზანმიმართულად აზიანებს.
“ტექნიკური მთავრობის“ ნაცვლად ტექნიკური მომავლის დაგეგმვას ურჩევს პრეზიდენტს პრემიერი. პარალელურად, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის ინიციატივისგან განსხვავებით, მისი იმპიჩმენტის პროცედურები წარმატებით განხორციელდება.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, დღის ბოლოს, პრეზიდენტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა. რობინ დანიგანის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში თავად ზურაბიშვილმა გაავრცელა.