ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ, მმართველი პარტიის დამფუძნებელი, შეერთებული შტატების ელჩთან პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. თარიღი უკვე ჩანიშნულია, მოლოდინი პოზიტიური. ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო.
ივანიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ მისთვის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო. “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივი დაძაბულობის მიზეზებზეც ისაუბრა - ომი უკრაინაში და მასთან ერთად გაჩენილი გეოპოლიტიკური გამოწვევები. ბიძინა ივანიშვილის პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომის მალე დასრულდება, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში ვითარების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნების შანს გააჩენს.
უკრაინაში ომისა და შეცვლილი გეოპოლიტიკური გამოწვევების გავლენა საქართველოზე - ივანიშვილის ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. “ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ გაიხსენა, რა სახის პირდაპირი ზეწოლის მსხვერპლი გახდა ხელისუფლება 2022 წლიდან, როდესაც მისი თქმით, დახურულ კარს მიღმა მთავრობისგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, საჯაროდ, ყოფილი პრემიერისა და უცხოელი მაღალჩინოსნის დიალოგზეც ისაუბრა, სადაც პირდაპირ ისმოდა მოწოდება 3-დღიან ომსა და ქვეყნის პარტიზანული ბრძოლის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.
მუქარა პერსონალური სანქციებით, რომელსაც ხელისუფლების დაშინება და მიდგომების შეცვლა უნდა გამოეწვია - ეს ის ინსტრუმენტია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის აზრით, კონტრპროდუქტიულად იმუშავა. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას არც ნატოს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკა იცავს, ივანიშვილის აზრით, მმართველმა გუნდმა ურთულესი გამოწვევების გადალახვა შეძლო.
ზეწოლის, მუქარისა და ომის მოწოდებების მიუხედავად, რომ საქართველომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუმჯობესება შეძლო, ბიძინა ივანიშვილისთვის “ოცნების“ მმართველობის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ლიდერობა ეკონომიკურ რეიტინგებში, გაზრდილი ბიუჯეტი, ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების ფონზე, მმართველი გუნდის დამფუძნებლისთვის ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების მტკიცებულებაა.
საგარეო გამოწვევების გარდა მოახლოებული არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილმა შიდა საფრთხეებზეც ისაუბრა. “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, “ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის იდეოლოგიურ მოკავშირეებს კვლავ ქართული პოლიტიკის ძირითად გამოწვევად აღიქვამს. განსაკუთრებული აქცენტი, ივანიშვილმა, გიორგი გახარიაზე გააკეთა. თქვა, რომ ყოფილი პრემიერი გარე ძალების მხრიდან მეორე ფრონტისთვის ნიადაგის მოსამზადებლად გადადგა.
ლგბტ პროპაგანდა და არადეკლარირებული თანხების ქვეყანაში შემოდინება - ის საფრთხეებია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოპოზიცია და მესამე სექტორი აქტიურად ლობირებს. სწორედ მათი პრევენცია იყო, ივანიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მაისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა საზოგადოებას მისი ინიციატივით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონიც შეახსენა და თქვა, რომ პროპაგანდა უფლებებისგან უნდა გაიმიჯნოს. ბიძინა ივანიშვილმა გამჭვირვალობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიცემული სატელევიზიო ინტერვიუს, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი პოსტ საარჩევნო მდგომარეობის პროგნოზიც იყო. სახელისუფლებო პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მშვიდ 27 ოქტომბერს ელოდება. ამბობს, რომ ოპოზიციას სიმულაციური რეალობის შექმნისა და ქუჩის პროცესების სტიმულირების შესაძლებლობა არ ექნება. თუმცა, არ გამორიცხავს რომ ოპონენტებმა, გარე აქტორებთან ერთად, მომდევნო თვეების განმავლობაში, პროვოკაციისთვის ყველა შესაძლო გზა გამოიყენონ.
მმართველი პარტიის დამფუძნებელი, საზოგადოებას არჩევნებამდე, კიდევ ერთხელ 23 ოქტომბერს, თბილისში თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის დამაგვირგვინებელ შეხვედრაზე მიმართავს.