პრემიერ-მინისტრი მოლდოვის რეფერენდუმის შედეგებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებს და ამბობს, რომ ქმედება თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლდოვამ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა და ამ ფონზე საქართველოს მისამართით ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა უსამართლოა.
ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, მცირე სხვაობის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის მომხრეების საბოლოო გამარჯვება კიშინიოვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნას ხელი მთავრობის პოლიტიკამ შეუშალა.
მმართველი გუნდისთვის კი, დემოკრატიული განვითარების კუთხით მოლდოვასა და საქართველოს ერთ სიბრტყეზე დაყენება კატეგორიულად მიუღებელია. მოლდოვაში გამართული რეფერენდუმის შედეგებისა და საქართველოს მოსახლეობის მკვეთრად გამოხატული პროევროპული კურსის ფონზე, უმრავლესობის წევრები ევროკავშირის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებებზე საუბრობენ
მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა. ახალი პრეზიდენტი მოლდოვას მეორე ტურის დასრულების შემდეგ ეყოლება.