სუპერმარკეტი „მადაგონი” „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას ბრალდებას ბინძურ პროვოკაციას უწოდებს. კერძოდ, კორძაიას მტკიცებით, რუსთავში სუპერმარკეტ „მადაგონში" და ფარმაცევტულ კომპანია „ფარმა სახლში" 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების" მხარდამჭერია.
„დღეს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ გავრცელდა ბრალდება, თითქოს, სუპერმარკეტების ქსელი „მადაგონი“ ჩართულია საარჩევნო პროცესში და კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, კანონდარღვევით, კომპანიის კუთვნილი ვაუჩერებით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს, რაც სრული სიცრუეა!
საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ამა თუ იმ ქსელურ სუპერმარკეტს, ისევე როგორც „მადაგონს“, კონკრეტული კომპანიები თუ ფიზიკური პირები, სხვადასხვა, მათ შორის, საკუთარი თანამშრომლების ან მომხმარებლების წახალისებისა და კონკრეტული სოციალური აქტივობების განხორციელების მიზნით, გარკვეული რაოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერებს უკვეთავენ. ამავდროულად, ჩვენს მომხმარებელთან უკუკავშირის პროცესში, გარკვეული პერიოდულობით, მათ კონკრეტული რაოდენობისა და ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერებს გადავცემთ, თუმცა, აღნიშნულ შემთხვევებს არც პოლიტიკასთან და არც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი დისკრედიტაციისკენ მიმართული ეს გამოგონილი ბრალდება ბინძური პროვოკაციაა და მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიზნებს - წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არეულობის ინსპირაციას ისახავს მიზნად!" - აღნიშნულია „მადაგონის“ განცხადებაში.