ახალ სახლში მალე 720 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ნიკეას ქუჩაზე სამი თერთმეტსართულიანი კორპუსი აშენდა. სრულად გარემონტებული ბინები, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.
კორპუსების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 77 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის სამუშაოებიც. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყობა.
სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია "ანაგი” ახორციელებს. გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კორპუსების მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაპროექტდა.
განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2023 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.