21 ნოემბერი 2024,   18:09
ვრცლად
ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულია - ისრაელი ღაზასა და ლიბანში სამხედრო ოპერაციებს აქტიურად აგრძელებს

ლიბანიდან ნასროლი დრონი დღეს პირდაპირ ნეთანიაჰუს სახლთან მიფრინდა. ცნობილია, რომ სახლში არავინ იყო და შენობაც არ დაზიანებულა. თუმცა კესარიაში, მთავრობის მეთაურის უბანში დილიდან მობილიზაციაა. ისრაელს დღეს არაერთი საფრენი აპარატის განეიტრალება მოუხდა.ზოგიც ვერ მოიგერია.

მას შემდეგ, რაც "ჰეზბოლას" მერე, უკვე "ჰამასის" მთავარ არქიტექტორის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია დადასტურდა, ნათელი გახდა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ზედა რგოლში დიდი სიცარიელე შეიქმნა. ისრაელის მიზანია, რომ იგი არ შეივსოს. შესაბამისად, ღაზასა და ლიბანში სამხედრო ოპერაციები აქტიურად გრძელდება. დღეს ანკლავზე საჰაერო დარტყმები იყო, მათ შორის ჯაბალიასა და შატის დევნილთა ბანაკებზე. გარდაცვლილია 40-ზე მეტი ადამიანი. ბეირუთში კი საჰაერო დარტყმას კიდევ 2 პირი ემსხვერპლა.

ირანის სულიერი ლიდერი, ალი ხამენეი დღეს სინვარს გამოემშვიდობა და არ დაუმალავს,რომ სწორედ მან დაუტოვა კაცობრიობის მეხსიერებას 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმა კიბუცებზე, რა დროსაც ტერორისტებმა 1200 ისრაელელი წამებით მოკლა, 200-ზე მეტი კი ტყვედ აიყვანა. მისი თქმით, სინვარის დაკარგვა მტკივნეულია, თუმცა წინააღმდეგობას ამით ვერაფერი აკლდება. "ჰამასი” ცოცხალია და ყოველთვის ცოცხალი იქნება" - აღნიშნა ჰამენეიმ, რომლის სიტყვებიც მოგვიანებით თურქეთში ჩასულმა საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაიმეორა.

სცენარს მიყვება ისრაელიც, რომლის მთავარი ამოცანაც სამეზობლოში არსებული იმ ტერორისტული ორგანიზაციების განადგურებაა, რომლებიც ისრაელის მოქალაქეებისთვის ყოველდღიურ საფრთხეს წარმოადგენენ. თუ ბოლო რამდენიმე კვირის შედეგებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ როგორც “ჰამასთან” ისე “ჰეზბოლასთან” ბრძოლაში თელ-ავივს ხელშესახები შედეგები აქვს.

გაეროში არაბული სამყაროს გაღიზიანება გამოიწვია ხმებმა, რომ ისრაელი ღაზას სამხედრო ზონად გამოცხადებას უპირებს. რეგიონში ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გათავისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მთავარ მოთხოვნად რჩება.

ყველაფრის პარალელურად, მესამე კვირაა მსოფლიო ისრაელის პასუხს ელოდება ირანის მისამართით, რომელმაც 1 ოქტომბერს ქვეყანაში 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა განხორციელდა. ისრაელი ამბობს, რომ პასუხი იქნება და მტკივნეულიც.ის უკვე შეთანხმებულიცაა,მათ შორის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თუმცა დეტალები უცნობი რჩება.

დღის ამბები