21 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს - ხელისუფლება კი სიცრუის კამპანიაზე საუბრობს

მმართველი პარტია ოპონენტებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას, ბოლო დროს მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სთხოვს. საუბარია ე.წ პირადობის მოწმობების ამომრჩევლისთვის უკანონოდ ჩამორთმევის საკითხზე, რასაც სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება, ფონს წინასწარ ამზადებს და საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, პირველად, რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია თამარ კორძაიამ გაავრცელა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი დღესაც ამბობს, რომ ფაქტებზე არაერთ მტკიცებულებას ფლობს, თუმცა, გასაჯაროებისგან ჯერ თავს იკავებს.

ინფორმაციას ფლობენ, თუმცა მტკიცებულებები არ აქვთ გიორგი გახარიას პარტიაში. საკითხზე მეტ სიცხადეს ელის "გირჩი". პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ინფორმაცია მხოლოდ მტკიცებულებების გასაჯაროების საფუძველზე უნდა მიაწოდონ.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. "ქართული ოცნება" ოპონენტებს წარსულს ახსენებს, როდესაც ე.წ. გაყალბებულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, პროკურატურამ მოკვლევაც დაიწყო, თუმცა, მესამე სექტორმა და ოპოზიციამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ფაქტების გარეშე სიცრუის ტირაჟირება ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ენჯეობის წინასაარჩევნო ტაქტიკაა.

არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ზუსტად ერთ კვირაში ამომრჩეველი საკუთარ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან გააკეთებს.

 

დღის ამბები