21 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
სუს-ის ინფორმაციით, ყალბ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში, რომელიც შესაძლებელია გავრცელდეს, გამოჩნდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები

ვინ გადაკვეთავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავლებულ წითელ ხაზს - სუს-ის პრევენციულ განცხადებას უკვე პირადად, გრიგოლ ლილუაშვილის გაფრთხილება მოჰყვა. რა ინფორმაცია აქვს სპეცსამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე?

ფაქტი ცნობილია: ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება უკვე დამონტაჟებულია. ახლა მთავარია ვინ გაბედავს არჩევნებამდე ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამოქვეყნებას? სუს-ის ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფების კიბერმანიპულაციებიც არჩევნებს უკავშირდება. მიზანი არეულობის მცდელობაა.

ეჭვი ოპოზიციასაც აქვს - მმართველი პარტიის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს ხელისუფლება უფრო კარგად ფლობს და ჩანაწერების გავრცელებისთვისაც თავად ემზადება. მთელი საარჩევნო პერიოდი ურთიერთ ბრალდებებით მიდის, თუმცა ამ დრომდე საქმე რაიმე სახის ვიდეო და აუდიო მასალის გავრცელებამდე არ მისულა. გადალახავს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წითელ ზღვარს ვინმე - ეს დარჩენილ 9 დღეში გამოჩნდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მისი უწყების განცხადება - ყალბი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, წინასაარჩევნოდ, შესაძლო გავრცელების შესახებ - მხოლოდ პრევენციულ და გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა. გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფაქტზე უწყება გარკვეულ ინფორმაციას უკვე ფლობს და იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული ჯგუფები კანონს დაარღვევენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს. სუს-ის უფროსი ამბობს, რომ ფალსიფიცირებული ჩანაწერების მიღმა დგანან პირები, ვისაც ქვეყანაში ერთგვარი არეულობის გამოწვევა სურთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყალბ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებში, რომელიც შესაძლებელია გავრცელდეს, გამოჩნდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. გრიგოლ ლილუაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ ამისთვის კონკრეტული ჯგუფები ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასერიოზულად აფასებს ოპოზიცია, სადაც ამტკიცებენ, რომ თავად არანაირი ჩანაწერის გავრცელებას არ გეგმავენ. ხელისუფლების ოპონენტებს პირიქით, აქვთ ეჭვი, რომ ამისთვის მმართველი პარტია ემზადება.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სუს-ის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც თავად ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობენ, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ მეორე დღისთვის და დესტაბილიზაციისთვის ემზადება. მმართველი პარტია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრევენციულ განცხადებას მიესალმება და პარალელურად, საკუთარ მხარდამჭერებს წინასაარჩევნოდ მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გუშინ, სოციალური ქსელით გაავრცელა. უწყების ინფორმაციით ირკვევა, რომ ყალბი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შესაძლო გავრცელების მიზანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია, ქვეყანაში დაპირისპირების გამოწვევა და ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის გაღვივებაა.

დღის ამბები