21 ნოემბერი 2024,   18:14
ვრცლად
"ხალხს ვეუბნებით, ნუ მისცემ იმ ძალას ხმას, რომელიც კონსტიტუციურად აიკრძალება და კიდევ ერთხელ იქნება აღიარებული, როგორც დამნაშავეების კოჰორტა" - ვატო შაქარიშვილი

"ხალხს ვეუბნებით - ნუ მიცემ იმ ძალას ხმას, რომელიც კონსტიტუციურად აიკრძალება და კიდევ ერთხელ იქნება აღიარებული, როგორც დამნაშავეების კოჰორტა, ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები", - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა ვერ მოიპოვებს სტაბილურობასა და მშვიდობას თუ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე ერთ ხმასაც მაინც მიიღებს.

"ათი დღე რჩება არჩევნებამდე. არის დრო, ადამიანებმა გაითავისონ და გაიაზრონ, რომ თითოეული მათი ხმა, თითოეული მათი ბიულეტენი, არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ის რისკები, რაც ჩვენ ქვეყანას ემუქრება არ  იყოს რეალური.

მართალია, 9 არჩევნებია ისინი ვერ ახერხებენ საკმარისი ხმების მიღებას, რათა არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მაგრამ ოპოზიციაში რჩებიან, ისვე აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის რყევას, დესტაბილიზაციას, რევოლუციების მცდელობებს და ისევ ექაჩებიან ქვეყანას წარსულში. თუ ჩვენ ამისგან არ გავთავისუფლდით, არ იქნება არანაირი სიკეთე, ვიტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ამ წრის გარღვევა მოვახდინოთ.

ამ ტურბულენტური ომების მიუხედავად ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად ვითარდება, მშვიდობა გვაქვს, მაგრამ ვერ მოვიპოვებთ გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიებს, თუ ისინი ერთ ხმასაც კი მიიღებენ.

მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, ვერავის დავიჭერ, ვერავის გავასამართლებ, ვაყენებ ინიციატივას, საკითხს, რომელიც უნდა გამოვიდეს საჯარო მსჯელობაზე და ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ. ჩვენ გვჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გვიან, მაგრამ შეცვლილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, "ნაციონალურ მოძრაობას" გაასამართლებენ", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

დღის ამბები