21 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
პრეზიდენტმა შეაგროვა ვიღაც ადამიანები, უთხრა რაღაც დოკუმენტზე ხელი მოაწერეთო, წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებთან არ ყოფილა განხილული ტექსტი, ამ ქარტიაში ბევრი ბუნდოვანი ტექსტი ეწერა - იაგო ხვიჩია

"გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ "ქარტიაში" ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რომელზეც მის ხელმომწერ ოპოზიციონერებს ხელმოწერამდე არ უმსჯელიათ.

ამასთან, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ რეალურად, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასთან არის შეთანხმებული და "ქარტიაც" ოპოზიციისთვის დაგებული სატყუარაა.

"პრეზიდენტმა შეაგროვა ვიღაც ადამიანები, უთხრა რაღაც დოკუმენტზე ხელი მოაწერეთო. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანებთან არ ყოფილა განხილული ეს ტექსტი. ჩვენც გადმოგვიგზავნა ეს ტექსტი, ჩვენ შენიშვნები გავუგზავნეთ, რა არ მოგვწონდა, რა იყო სამუშაო და ა.შ. ისე უხაროდათ, იძახდნენ, ჩვენ მომხრეებს საერთოდ არ დავეკითხებით ხელს ისე მოვაწერთო. ამ ქარტიაში ბევრი ბუნდოვანი ტექსტი ეწერა, მაგალითად, პარლამენტიდან პოლიტიკური კონტროლი უნდა განვახორციელოთო სუს-ზე, როდესაც იცი, რომ მთელ პარლამენტს იქით აკონტროლებს სუს-ი. ამას ამბობ ისე, როდესაც არანაირი მექანიზმი არ გაქვს, თუ როგორ აკეთებ.

ერთი წამით დავუშვათ, რომ ქალბატონო სალომე არ არის ისეთი უმადური ადამიანი, როგორსაც მიიჩნევენ და უფასებს ბატონ ბიძინას იმას, რომ მან გახადა ქვეყნის პრეზიდენტი. დავუშვათ, რომ მტრები კი არ არიან, შეთანხმებულად მოქმედებენ. ამ დროს რა უნდა გააკეთო, შენი ერთგული თანამებრძოლი უნდა გადააგდო ოპოზიციის მხარეს და მოახერხო ის, რომ ოპოზიციას ათქმევინო, ეს არის ჩვენი ლიდერი. მე არ ვიცი რა დამსახურება ჰქონდა ქალბატონ სალომეს ასეთი ამ ოპოზიციასთან, მაგრამ ეს იქნა მოხერხებული ქარტიაზე ხელმოწერით, ისე რომ არც კი კითხულობ რას აწერ ხელს.

შენი ადამიანი სადღაც ჯგუფში რომ ჩანერგო, ამისთვის რაღაცები არის საჭირო, ამისთვის საჭირო არის შენ მას ბრძოლა გამოუცხადო, რომ ვიღაც სულელმა ჩათვალოს, რომ ეს მისი საკბილოა. შესაბამისად, თუ შენ ამას გადმოგიგდებენ და კრიტიკის გარეშე გადაყლაპავ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ანკესზე მახე აღმოჩნდა გამობმული, თუნდაც პრემიერის დასახელების სახით. ყველა ამბიციებით გაპენტილი ხალხია ესენი, "ლელოდან" დაწყებული, გახარიები, "ნაცები," "ახლები," შესაბამისად, ამ ამბიციურ ხალხს ვიღაც ახალი პრემიერ-მინისტრი მოუყვანეს, ამ დროს კი თვითონ ყველას უნდოდა პრემიერობა, კოალიცია ვერ შედგა იმის გამო, რომ პრემიერის კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ, ამ დროს მაინც ხომ უნდა დაფიქრდე, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაგინიშნა ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები