21 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
"ნიჭიერის" მე-11 სეზონი სოციალურ ქსელში მაყურებლის უპრეცედენტო რაოდენობით რეკორდებს ხსნის - როგორი იყო მეგა შოუს მეოთხე კვირა

13 წლის ნინი ორკოშნელის ვოკალურმა მონაცემებმა და სევდიანმა ისტორიამ ჟიური და მაყურებელი აღაფრთოვანა. ყველა მონაწილის საოცნებო ოქროს ღილაკი მოიპოვა და თავისი გამოსვლა მამას მიუძღვნა. ნახევარფინალისკენ გზა ედიტ პიაფის ცნობილი სიმღერით გაიკვალა. პატარა მომღერალს სჯერა, რომ მამა მისი გამოსვლით იამაყებდა.

ემოციური გამოსვლები, შთამბეჭდავი და ექსტრემალური ნომრები - მეგა შოუს ყოველი მომდევნო ეპიზოდი სოციალურ ქსელში რეკორდს ხსნის.

სამეჯლისო ცეკვებში პატარა ჩემპიონებმა დარბაზის ყურადღება გამოჩენისთანავე მიიქციეს. ჯგუფი "არტლაინი" მეგაშოუს წინაშე სპეციალურად დადგმული ქორეოგრაფიული ნომრით წარსდგა, რამაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა - პატარა მოცეკვავეები შემდეგ ტურში გადავიდნენ.

ჟიურისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა 28 წლის ილუზიონისტი. ავთანდილ ციცქიშვილის სასცენო ნომერი 2008 წლის ომით იყო ინსპირირებული, რა დროსაც მან ბებია დაკარგა. ნომერი ეძღვნებოდა ყველას, ვინც ქვეყნისთვის ბრძოლას შეეწირა. აცრემლებულმა ჟიურიმ ახალგაზრდა ილუზიონისტი შემდეგ ტურში გადაიყვანა.

მეგაპროექტის მეოთხე ეპიზოდი უცხოელი მონაწილეებით დატვირთული იყო. ილუზიონისტი საფრანგეთიდან მაყურებლის წინაშე ორიგინალური ნომრით წარსდგა. ფირებით დადგმულმა პერფორმანსმა ჟიურის 5 კი დაიმსახურა.

შემდეგ ტურში გადასული ფრანგი ილუზიონისტის კონკურენტი მისი მეგობარი გოგო იქნება. უცხოელ კონკურსანტებს შორის ლეა კაილიც აღმოჩნდა - ამერიკული ნიჭიერის ყოფილი მონაწილე ტანსაცმლის სწრაფად გამოცვლაში იმდენად იყო დახელოვნებული, რომ ჟიურიმ მომდევნო ტურში ისიც გადაიყვანა.

შემდეგ ტურში გადასვლა ვერ მოახერხა, თუმცა მაყურებელი და ჟიური კარგ განწყობაზე ნამდვილად დააყენა - 42 წლის ზვიად აბულაძემ და კარატეს ილეთები სახალისოდ წარმოაჩინა.

ასევე შთამბეჭდავი იყო პრინცესას ფორმაში ჩაცმული მარი აბაშიძის გამოსვლაც. მან დისნეის ცნობილი საუნდტრეკი არც მეტი არც ნაკლები მეგრულ ენაზე შეასრულა. ჟიურის კი იმდენად მოეწონა, რომ შემდეგ ტურში გადასულ კონკურსანტთან ერთად თიკა ფაცაციამაც იმღერა.

"ნიჭიერის" მე-11 სეზონი გამორჩეულია ექსტრემალური ნომრებით. იასონ ქამაშიძემ "რუსთავი 2-ის" ეზოში 24 ტონა ტრანსპორტი დაძრა და მისი გაწევა შეძლო. ახალგაზრდა მამაკაცი შემდეგ ტურში გადავიდა.

ყველაზე რეიტინგული, შთამბეჭდავი, ეპატაჟური მეგაპროექტი მაყურებელს მომდევნო ეპიზოდში კიდევ უფრო მეტ სანახაობას ჰპირდება. ნიჭიერის მე-11 სეზონი უკვე ოთხი კვირაა, სოციალურ ქსელში მაყურებლის უპრეცედენტო რაოდენობით, რეკორდებს ხსნის. მეგაპროექტის ნახვა მაყურებელს ყოველ სამშაბათს "კურიერის" დასრულებისთანავე შეუძლია.

 

დღის ამბები