21 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის დასრულებული შენობა დაათვალიერა - ახალი მულტიფუნქციური შენობა 3 000 კვმ-ს მოიცავს

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამფითეატრის ტიპის სამკითხველო დარბაზი, მედიათეკა, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო, საგამოფენო და სამუზეუმო დარბაზები - ეს იმ სივრცეების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი აერთიანებს. ახალი მულტიფუნქციური შენობა 3000 კვმ მოიცავს. დასრულებული ახალგაზრდული ცენტრი და ბიბლიოთეკა დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ცენტრი ადგილობრივებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, იდეების დამუშავების, მათი წარდგენის და სიახლეების დანერგვის შესაძლებლობა იქნება.

ახალგაზრდული ცენტრის შენობის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილის პროექტზე ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. პროექტი აზიის განვითარების ბანკის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.8 მილიონი ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ზუგდიდში, პრემიერ-მინისტრმა თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. საწარმოს, ამ დროისთვის ექსპორტზე 1128 ტონა პროდუქტი აქვს გატანილი. ჯამში, მისი სრული ინვესტიცია კი 31 766 000 ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე რუხის საავადმყოფო.

ირაკლი კობახიძემ სიმბოლური კაფსულა ჩადო იმ მშენებლობაში, სადაც მალე დევნილი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი ბინები აშენდება.

დღის ამბები