21 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
რუხის საავადმყოფო, თანამედროვე კლინიკა ძვირადღირებული ტომოგრაფიის აპარატით - პრემიერ-მინისტრმა, ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები დღეიდან უახლესი თაობის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით სარგებლობას შეძლებენ. 2 მილიონ 500 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო დანადგარი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს პაციენტების ღრმა კვლევებს რეგიონიდან გაუსვლელად უზრუნველყოფს. 25 განყოფილებისგან შემდგარი საავადმყოფო დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა, შეხვდა მედპერსონალსაც.

სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხშირად სტუმრობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებიც. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის გარდა, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ რუხის საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის სერვისით და ანგიოგრაფიის აპარატითაც ისარგებლონ.

რუხის საავადმყოფოს შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ზუგდიდი ჩავიდა, სადაც ზუსტად 3 წელში დევნილი ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა უკვე ჩაიდო.

ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის 7 კორპუსი აშენდება. მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 მილიონ ლარს აჭარბებს.

პროექტის მნიშვნელობაზე დღეს საქართველო მთავრობის მეთაურმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ოჯახების მხარდაჭერა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა ერთდროულად საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

 

დღის ამბები