დონალდ ტრამპის მკვლელობის მესამე მცდელობა - ამ ვერსიას განიხილავს მსოფლიო მედია, მას შემდეგ რაც კალიფორნიაში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე 49 წლის მამაკაცი ყალბი მოსაწვევით მივდა. შავ ავტომობილში ლას ვეგასელ ვემ მილერს, გლუვგულიანი გადატენილი სანადირო იარაღი, პისტოლეტი, საბრძოლო მასალა და გაყალბებული დოკუმენტები- პასპორტები და მართვის მოწმობები ჰქონდა.
ეპიზოდს, რომელსაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რივერსაიდის შერიფის ოფისი სწავლობს, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატზე სავარაუდო მკვლელობის მესამე მცდელობაა.
ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი წარუმატებელი შემთხვევა 15 სექტემბერს ფლორიდაში მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი გოლფკლუბში თამაშობდა, სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კალაშნიკოვით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. რაიან რუთი ტრამპის მწვავე კრიტიკოსი და უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტი პრეზიდენტობის კანდიდატზე სიძულვილით მოტივირებულ თავდასხმას გეგმავდა.
13 კვირის წინ კი ტრამპს პენსილვანიის ქალაქ ბატლერში ესროლეს. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსმა ექსპრეზიდენტს 120 მეტრის რადიუსიდან "ეი ერ-15"-ის ტიპის ნახევრად ავტომატური იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი. ტყვიამ ექსპრეზიდენტი სახის არეში დაჭრა. თავდამსხმელმა გასროლა რვაჯერ მოასწრო, ვიდრე საპასუხო ცეცხლი თავად მას შეიწირავდა. სროლის შედეგად მიტინგის ერთი მონაწილე დაიღუპა სამი კი დაიჭრა.
თავდასხმიდან 12 კვირის შემდეგ დონალდ ტრამპი პენსილვანიაში ისევ ჩავიდა და ამერიკელებს თავდასხმის ადგილიდან მიმართა.
ახლა გამოძიების ფედერალური ბიურო და საიდუმლო სამსახური თავდასხმების ყველა დეტალის და მოტივის დასადგენად მუშაობს. პოლიციის მონაცემებით ამ დროისთვის დონალდ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე