21 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ოპოზიცია ცდილობს ყველაფრის გაუქმებას, რაც დემოკრატიის და ევროპული დემოკრატიის ნაწილია, სანამ თვითონ არ გაიმარჯვებენ არც ერთი არჩევნები არ უნდათ რომ აღიარონ - არჩილ თალაკვაძე

"ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ საქართველოს ჰქონოდა რეალური მრავალპარტიული პარლამენტი, ჩვენ ოპოზიციას მივეცით ბიუჯეტიდან რეალური დაფინანსება, ჩვენ მივეცით ოპოზიციას წვდომა მედიაზე", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ყველაფრის გაუქმებას, რაც დემოკრატიის და ევროპული დემოკრატიის ნაწილია.

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავაკეთეთ ყველაფერი, რომ საქართველოს ჰქონოდა რეალური მრავალპარტიული პარლამენტი, ჩვენ ოპოზიციას მივეცით ბიუჯეტიდან რეალური დაფინანსება, ჩვენ მივეცით ოპოზიციას წვდომა მედიაზე და ხედავთ მედიის დიდ ნაწილს საერთოდ ოპოზიცია აკონტროლებს და რიგ შემთხვევაში აგერ განცხადებაც მოვისმინეთ მაგალითად კეზერაშვილის, რომ ის აფინანსებს გაურკვეველი და უკანონო ფულით ამ ტელევიზიებს. ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ. ბოლოს დავნერგეთ არჩევნების ელექტრონული სისტემა, რომელიც გამორიცხავს მანიპულაციებს. ახლა ვამბობთ, რომ მოდი არჩევნები ჩავატაროთ დემოკრატიულად, წესების დაცვით და ყველამ პატივი სცეს შედეგებს, ეს არის ჩვენი ხაზი.

ახლა ეს ოპოზიცია რას ამბობს, რომ გვიქადაგებს დემოკრატიას და რაღაც რეკომენდაციებზე რომ ლაპარაკობს, რა რეკომენდაციებზე ლაპარაკობენ დაუკვირდით - ისინი ცდილობენ ყველაფრის გაუქმებას, რაც დემოკრატიის და ევროპული დემოკრატიის ნაწილია. არჩევნები არ უნდათ, სანამ თვითონ არ გაიმარჯვებენ არც ერთი არჩევნები არ უნდათ რომ აღიარონ, თავიანთი ამომრჩევლების ხმასაც პატივს არ სცემენ, გახსოვთ 8 თვე ბოიკოტში იყვნენ, თავისი ამომრჩევლები მოატყუეს, მე არ ვამბობ მთელ საზოგადოებას - ეს მეორე და მესამე - ახლა აგერ ჩვენს თვალწინ, თქვენ - მოქალაქეებს, ყველას, ვინც ამ პროცესს უყურებს, ეუბნებიან, რომ კონსტიტუცია არაფერი არ არის, მნიშვნელოვანია ქარტია, რომელიც ჩვენ საღამოს დავწერეთო; არჩევნებს არა აქვს დიდი მნიშვნელობაო, ჩვენ თვითონ დავაკომპლექტებთ მთავრობასო და არა აქვს მნიშვნელობა დემოკრატიული მთავრობა სჭირდება ქვეყანას თუ არ სჭირდება, კონსტიტუციით როგორ არის განსაზღვრულიო, ჩვენ შევქმნით ტექნიკურ მთავრობასო - ამას ეუბნებიან. თქვენ შეადარეთ აქედან რომელია დემოკრატია, როდესაც ხალხის და არჩევნების გვერდის ავლით შენ აკეთებ ყველაფერს და ხალხის მაგივრად შენ იღებ ძალადობრივ გადაწყვეტილებებს, თუ გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, სადაც ვამბობთ, რომ მოდი შემოვიღოთ სისტემა, სადაც ვერავინ ვერ ჩაერევა და ვერ შეცვლის შედეგს?! მოდით დაფინანსება მივცეთ ყველა პარტიას, რომ ჩაატარონ კამპანია, მოდით ყველა პარტია იყოს ეთერში და მოუყვეს საზოგადოებას ვის რა შეუძლია უკეთესად, ვის ჰყავს უფრო ძლიერი ლიდერები გუნდში", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები