21 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
კონსტიტუციური თვალსაზრისით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს პრემიერი და მთავრობის კაბინეტი, მაგრამ ვაფასებთ სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვცვლით ინფორმაციას, კონსულტაციებამდე ჯერ არ მისულა საქმე - თამარ კორძაია

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამარ კორძაია "დღის კურიერის" ეთერში ეხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახელებას არჩევნებამდე  აპირებს.

როგორც კორძაია აცხადებს, პროცესში პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონსტიტუციურად მთავრობას პრეზიდენტი ვერ წარადგენს. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან მხოლოდ შეთანხმება მოხდება.

"ტერმინოლოგიურად რომ შევთანხმდეთ, ეს არის დროებითი მთავრობა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამას ამბობს, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვართ ამ პროცესში და, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ პრეზიდენტთან. ჩვენ ვაფასებთ მის ღვაწლს, განსაკუთრებით იმას, რომ ეს ქარტია შეიქმნა ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც საერთოდ პარტიები ჩამოყალიბებულიც არ იყო და არ ჩანდა კონტურები. ახლა პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, არის 4 პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი, მეტ-ნაკლები სხვაობებით, და, რა თქმა უნდა, ახლაც მოლაპარაკების ეტაპი არის სხვანაირი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია არ იღებს პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრის საკითხზე შეთანხმება პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, მოხდება.

ტექნიკური საკითხია ვინ წარადგენს, კონსტიტუციურად პარტიები წარადგენენ [ტექნიკურ მთავრობას]. კონსტიტუციაში წერია ერთი რამ, მთავრობის ფორმირების უფლება აქვს იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელმაც ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა პარლამენტში. თუ ის ვერ ქმნის მთავრობას, ორი კვირის ვადაში, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ 50 ოპოზიციონერი წარადგენს მთავრობას და 76 მისცემს ხმას. ამ პროცესში საერთოდ არ არის პრეზიდენტი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვაღიარებთ იმას, რომ საქართველოში ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო დაგვრჩა საქართველოს პრეზიდენტის სახით, რომელმაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელსაც უნდა ევროკავშირის წევრობა, სახელი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შეუნარჩუნა საერთაშორისო ასპარეზზე და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ პროცესში, ჩვენ გვინდა მასთან თანამშრომლობა, იმიტომ, რომ ვხედავთ მას, როგორც ჩვენს მოკავშირეს.

მაგრამ ეს პროცესი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, არის პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტთან თანამშრომლობით, მიიღებენ ამ ყველაფრის თაობაზე გადაწყვეტილებას. ფორმალური, კონსტიტუციური თვალსაზრისით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს არც პრემიერი, არც მთავრობის კაბინეტი. მაგრამ ჩვენ დავთანხმდით ამას, იმიტომ, რომ ვაფასებთ სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერში ვმონაწილეობთ და ვცვლით ინფორმაციებს მასთან. კონსულტაციებამდე, როგორც მან თქვა, ჯერ არ მისულა საქმე," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები