21 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავყვეთ ასეთ მოწოდებებს, უნდა ვიყოთ რაციონალურები და პრაგმატულები, იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, რომ ინდივიდუალური სანქციები დავაწესოთ რუსეთის მიმართ - ლევან დავითაშვილი

"იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღეს მიიღოს ეს მოწოდება და ჩვენ ინდივიდუალური სანქციები დავაწესოთ რუსეთის მიმართ, გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელშიც ჩვენ ვართ", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დამოკიდებულია რუსეთის ბაზარზე, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის პროდუქციით და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები საქართველოს მხოლოდ ზიანს მიაყენებს.

"მნიშვნელოვანია კომენტარი იმ აქცენტებზე, რომლებიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში იყო. სანქციების დაწესების მოწოდება არახალია. ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, ბევრი რამ ამ დოკუმენტში არის ფაქტობრივად პირველად ასე სააშკარაოზე ოფიციალური სტრუქტურებიდან წარმოდგენილი. ეს იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღეს მიიღოს ეს მოწოდება და ჩვენ ინდივიდუალური სანქციები დავაწესოთ რუსეთის მიმართ გამომდინარე იმ ვითარებიდან, რომელშიც ჩვენ ვართ.

ის [რუსეთი] არის ეკონომიკური პარტნიორი ჩვენთვის და როდესაც ვსაუბრობთ სანქციებზე, ზოგადად, სანქციების აზრი არის სანქცირებულის დაზიანება და არა მასანქცირებლის დაზიანება, ამ შემთხვევაში პირიქით იქნებოდა ცალსახად. რუსეთის ეკონომიკას, ეს რა თქმა უნდა, საერთოდ არ შეემჩნეოდა, იმიტომ, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არის ძალიან მინიმალური, ეს არის მიზერული, ამიტომ 1%-ს არ აღემატება. აქედან გამომდინარე, რუსეთზე მას გავლენა ვერ ექნებოდა, თუმცა საქართველოსთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. განსაკუთრებით იქნებოდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დამაზიანებელი, იმიტომ, რომ ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთს აქვს გარკვეული მნიშვნელოვანი წვლილი, ეს არის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი ზოგადად აგროსასურსათო პროდუქტისთვის. ასე რომ ძალიან ბევრი სოფლად მცხოვრები მოსახლე, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სასოფლო პროდუქციის ექსპორტი, ზუსტად დამოკიდებულია იგივე რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს, უნდა იყოს საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა პასუხობდეს საქართველოს ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს და აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ხშირ შემთხვევაში ავყვეთ ასეთი ან სხვა ტიპის მოწოდებებს, როგორიც საქართველოშიც ხშირად ისმოდა. უნდა ვიყოთ რაციონალურები და პრაგმატულები.

ეს არ არის დამოკიდებულება [რუსეთის ბაზარზე], რომელიც ჩვენ შევქმენით, ეს არ არის დამოკიდებულება, რომელსაც არა აქვს საფუძველი, ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი და წინაპირობები. თითოეულ ქვეყანას გააჩნია თავისი ტრადიციული ბაზრები, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის, როდესაც შევეხე ამ შემთხვევაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს. ამ კუთხით, ბუნებრივია, მეზობლებს შორის არსებობს ასეთი ტიპის სავაჭრო ურთიერთობები.

ბოლო წლებში უამრავი რამ გაკეთდა დივერსიფიკაციისთვის, მათ შორის უამრავი რამ გაკეთდა ხარისხის სისტემების დასანერგად, იმისთვის, რომ სხვა უფრო მომთხოვნ ბაზრებზე ქართულ პროდუქციას ჰქონოდა წვდომა, მათ შორის ევროკავშირში. ევროკავშირში ქართული პროდუქციის ესპორტი იზრდება, თუმცა არის გარკვეული ტიპის, მათ შორის მალფუჭებადი პროდუქტები, რომლებსაც შეზღუდული გეოგრაფიული არეალი გააჩნიათ და ეს ბუნებრივი მოცემულობაა. ამ ბუნებრივ მოცემულობაზე შეიძლება უარი თქვა, მაგრამ ეს იქნება საზიანო ჩვენი ხალხისთვის და მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას.

კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების არდაწესებაზე, აქ არ იგულისხმება, რომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიღებულ კონენსუსს ვაკლდებით, ჩვენ ამ კუთხით პირიქით, ძალიან აქტიური მონაწილეები ვართ იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებების და მათ შორის აღსრულების ნაწილში, მე ვფიქრობ, რომ საქართველო ვართ სამაგალითო ქვეყანა, რომელიც სანქციების გვერდის ავლით პრევენციას ახდენს, ეს დადასტურდა ყველა მაღალი დონის მისიის მიერ, შესწავლილი იქნა ჩვენი სისტემები და ამის გამო საქართველომ და მათ შორის, შესაბამისმა უწყებებმა, საბაჟო სამსახურებმა, მიიღეს განსაკუთრებული მადლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ რაციონალურები და კონკრეტულად, სწორად ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას - რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ამ გადაწყვეტილებების უკან კონკრეტულად რა ლოგიკა დგას," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები