იოანე ზოსიმე ქართულ მიწაზე დაბრუნდა, როგორც წარსულის საჩუქარი აწმყოში. საუკუნეების წინ, სინას მთაზე, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ არამეულიდან ხუცურად გადაწერილი სახარებისეული ტექსტი თბილისში დაიდებდა ბინას და რატომღაც ამ მოგზაურობაში ლონდონსაც ექნებოდა თავისი ადგილი. სწორედ "კრისტის" აუქციონი იყო ბოლო გაჩერება, სადაც იოანე ზოსიმეს უნიკალური პალიმფსესტი ჯერ ისევ სხვას ეკუთვნოდა, დღეიდან ის საქართველოს კუთვნილებაა.
ქველმოქმედების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე. ქართული კულტურისთვის რეალურად შეუფასებელი ძეგლის მილიონ 250 000 გირვანქა სტერლინგად ყიდვის შემდეგ 4 თვეში, საჩუქარი ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადაეცა. ნახვის მსურველებს არტეფაქტი უკვე ხვალ, დილის 10 საათიდან რუსთაველის 3-ში დაელოდება.
ეროვნულ მუზეუმამდე კი იყო საპატრიარქო, სადაც იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი პირველად გაიხსნა და სადაც მღვდელმთავრებისა და მთავრობის წევრების თანხლებით პარაკლისიც ჩატარდა. არტეფაქტის საქართველოში ჩამოტანა საერო და სასულიერო ხელისუფლებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
იოანე ზოსიმე, იგივე "იოანე ფრიად ცოდვილი ზოსიმე", როგორც მწიგნობარი თავის თავს ეძახდა - ქართველი ხელნაწერთა განმაცხოველებელი, მთარგმნელი, გადამწერი და მწერალი იყო, რომელსაც სასულიერო მწერლობაში ფასდაუდებელი ღვაწლი აქვს. ის წმინდა მიწაზე მოღვაწეობდა, საიდანაც სინას მთაზე, არაბების შემოსევის შემდეგ მოხვდა. სწორედ იქ მოხვდა მის ხელთ მე-5 საუკუნით დათარიღებული წიგნი, რომელშიც ქრისტეს ენაზე სახარებისეული, ლიტურგიული ტექსტები უკვე გაფერმკრთალებულიყო. მას ახალი სიცოცხლე უკვე ხუცურად, ძველქართულ ენაზე, იოანე ზოსიმემ პირადად შესძინა, სავარაუდოდ 979 წელს. ახლა კოდიკოლოგები, ტექსტოლოგები, ენათმეცნიერები, მთელი სამეცნიერო საზოგადოება მოუთმენლად ელის, თუ როდის შეძლებს წიგნის გაშიფვრას და მასში ახალი საიდუმლოებების ამოკითხვას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის ამგვარი სიმდიდრის შემატებას მთავრობაშიც აფასებენ.
Codex Sinaiticus Rescriptus-მა თბილისამდე მთელი 16 საუკუნე იმოგზაურა: სხვადასხვა დროს მოხვდა კაიროსა და ალექსანდრიის შავ ბაზრებზე, მდიდარი ევროპელების პირად კოლექციებსა თუ ბიბლიოთეკებში. სულ ბოლოს ის შოენის კოლექციაში მოხვდა, იქიდან კი გზა უკვე იოანე ზოსიმეს სამშობლოსკენ გაიკვალა, სადაც აქამდე გამორჩეული მწიგნობრის ხელნაწერი არ მოიპოვებოდა.
ავტორი: ნანუჩი გოგატაძე