21 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
რატომ შევიდა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში - პრეზიდენტმა მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა

ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ არ იღებს პრეზიდენტის შეთავაზებას, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

რატომ შევიდა ორბელიანების სასახლეში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში - პრეზიდენტს არ განუმარტავს. ზურაბიშვილმა საიდუმლოდ დატოვა მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატის ვინაობაც, რომლის დასახელებაც 26 ოქტომბრის არჩევნებამდე სურს. თუმცა ქარტია, რომელიც თავად შეადგინა, ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობის ფორმირება მხოლოდ ხალხის მანდატის მოპოვების შემთხვევაშია შესაძლებელი.

ქარტიაში არსებულ დათქმებს განსხვავებულად განმარტავს გახარიას გუნდი. ექსპრემიერის პარტიას პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს უმასპინძლა. გახარიამ - ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მისთვის წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნებია.

ქარტიის პუნქტების შესაძლო დარღვევაზე პრეზიდენტს, გუშინ კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" მიანიშნა. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაც" მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის ფორმირებასა და მით უფრო, პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობა მიზანშეწონილი არ არის.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრები, ზურაბიშვილის იმპიჩმენტისგან განსხვავებით, უშედეგოდ დასრულდება. უმრავლესობამ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაზე პასუხს 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს.

ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონსენსუსის მისაღწევად დრო ეწურებათ. არჩევნებამდე 17 დღეა დარჩენილი და ისევ უცნობია, გაგრძელდება თუ არა პოლიტიკური კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში.

დღის ამბები