21 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გამჭვირვალობის კანონის სადავო ნორმების მოქმედება არ შეჩერდება - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გამჭვირვალობის კანონის სადავო ნორმების მოქმედება არ შეჩერდება. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მოსამართლეებს შორის იყო განსხვავებული აზრიც. გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭება აზიანებს მათ საქმიან რეპუტაციას და სტიგმატიზაციას ახდენს. 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაც ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია.

კანონის მოქმედებას ზიანი არ მოაქვს და ეს სასამართლომ იურიდიულად დაასაბუთა - აცხადებს მოპასუხე მხარე. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მოსარჩელეები კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დასამტკიცებლად არგუმენტებს ვერც არსებით განხილვაზე წარადგენენ.

გადაწყვეტილებას დღეს სპეციალური ბრიფინგებით გამოეხმაურნენ ის ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებიც სასამართლოს განხილვებში თავად მონაწილეობდნენ. სარჩელის წარმდგენებმა საკონსტიტუციო სასამართლო გააკრიტიკეს და ისევ გაიმეორეს, რომ კანონის მოქმედებას მავნე შედეგები მოაქვს.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ კანონის ამოქმედებას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია და სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკურია. უმრავლესობისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ითხოვენ მოსარჩელეები გამჭვირვალობის კანონის უპირობოდ გაუქმებას.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამწესრიგებელი სხდომები აგვისტოს ბოლოს მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ დააყენეს მოსარჩელეებმა შუამდგომლობა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის მოქმედება შეეჩერებინა.

დღის ამბები