21 ნოემბერი 2024,   18:09
ვრცლად
მიხაილ როთის ინსტრუქციები, აშშ-ის საელჩოს ბანერები და კრიტიკა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - "ოცნება" არჩევნებში გარე ჩარევებზე საუბრობს

არჩევნებამდე 18 დღით ადრე, მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნიდან ჩარევის მცდელობები და ქვეყნის შიგნით სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია 2024-ის არჩევნებში მთავარი გამოწვევებია. გივი მიქანაძის თქმით, გარე ჩარევაა, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიერ გამოქვეყნებული ინსტრუქცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მისაცემად დარეგისტრირება.

ამავე კონტექსტშია განხილული აშშ-ის საელჩოს მხრიდან გასულ კვირას სოციალურ ქსელში სხვადასხვა ბანერის ატვირთვა და ევროკავშირის ელჩის მხრიდან "ოცნების" საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. გივი მიქანაძის თქმით, სწორედ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შემდეგ მოხდა, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა მმართველი პარტიის პოლიტიკური ვიდეო რგოლის გაშვებაზე უარი თქვეს.

"ქართული ოცნებაში" უარყოფითი კამპანიის მაგალითად მათი საარჩევნო ბანერების მანიპულაციის გზით შეცვლა მოჰყავთ და ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევა იყო ის კონკრეტული ფაქტი, როდესაც სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" სლოგანი "აირჩიე მშვიდობა", გაყალბების გზით გააიგივეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან. ვიდეო მონტაჟით შეცვალეს საარჩევნო დევიზი ქუთაისში და ანალოგიური შემთხვევა გამოვლინდა გორშიც. ოპოზიცია ბრალდებებს არ იღებს. ამბობენ, რომ სწორედ მათ წინასაარჩევნო კამპანიაზე ხდება მიზანმიმართული ხელშეშლა.

შუალედური ანგარიშები მზადდება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. "სამართლიანი არჩევნები" ერთ-ერთია, ვინც შესაბამის დოკუმენტზე მუშაობს, თუმცა დღეს გამოქვეყნებულ მასალაში ის შემთხვევები, რაზეც "ქართული ოცნება" საუბრობს, მათ საანგარიშო პერიოდში ვერ მოხვდა. ნინო დოლიძის თქმით, მათ მიერ შესწავლის შედეგად გამოავლინეს მხოლოდ "ოცნების" წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის და მათი სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს მიღმა განცხადებები 26 ოქტომბრის შემდეგ შეიცვლება, ოპოზიცია კი მოკავშირეებთან ერთად შეეცდება დარჩენილ დროში არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ნეგატიური აღქმები გააჩინოს.

დღის ბოლოს, გარე ჩარევის შემთხვევებს ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძე წერს, რომ ამ კამპანიას რამდენიმე კარგი მხარეც აქვს. მისი შეფასებით, მოხდა აგენტურის ლუსტრაცია, ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევამ არ იმუშავა, ოპოზიციის გაცამტვერებამ კი უცხოელები იძულებული გახადა, ოპოზიცია ჩაენაცვლებინათ. მოქალაქეებს არჩევანი გაუადვილდათ, რადგან უნდა აირჩიონ, ვისკენ არიან საქართველოს არჩევნებში ქართველებისკენ თუ უცხოელებისკენ. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, რაც უფრო გაძლიერდება ანტიქართული ზეწოლა, მით უფრო გაძლიერდება ქართული მხარდაჭერა.

დღის ამბები