თურქეთში, იზმირის აეროპორტში დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე 6 ქალი, რომლებიც დუბაიდან თურქეთში სხეულით 84 ოქროს ზოდის შეტანას ცდილობდნენ. ასევე დაკავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც მათ აეროპორტში უნდა დახვედროდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მგზავრებისა და მანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ 82 ოქროს ზოდი ამოიღო, რომელთაგან თითო 110 გრამს იწონიდა. ამასთან, ამოღებულია 18 სათამაშო კონსოლი და კონტროლერი, ასევე სამი IPhone-ი.
დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ მგზავრებს სხეულითაც გადაჰქონდათ ოქროს ზოდები. სასამართლოს ნებართვის შემდეგ, მათ ოპერაცია ჩაუტარდათ. ქალებს სხეულიდან 84 ოქროს ზოდი ამოუღეს, თითო ზოდის წონა 110 გრამს შეადგენდა.
ოპერაციის შედეგად, პოლიციამ სულ 18,5 კგ ოქროს ზოდი ამოიღო, რომლის ღირებულებამ 55 მილიონი ლირა შეადგინა.