საქართველოში ნაადრევი ქორწინება ისევ პრობლემად რჩება. ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის გოგოს დედა "კურიერი P.S.-თან" დანაშაულს უარყოფს, თუმცა მოზარდის გათხოვებაში პრობლემას ვერ ხედავს. ქალი ქორწინების იძულების ბრალდებით, პოლიციამ დააკავა. მოსამართლემ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და შვილთან კონტაქტიც აუკრძალა. ახლა გოგონა მამასთან ერთად, ცალკე ცხოვრობს.
ადგილზე ამბობენ, რომ შეძლებული სასიძოს ოჯახში ბავშვის ბებია პირადად იმყოფებოდა. მოლაპარაკების მიხედვით, მეათე კლასის მოსწავლე უფროს მამაკაცს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. ოჯახებს შორის დანაშაულებრივი შეთანხმება პოლიციამ ჩაშალა.
ის, რომ 15 წლის ბავშვს დედა გათხოვებას აიძულებდა, ცნობილი იყო მეზობლებისა და ნათესავებისთვის. კამერებთან საუბარს ერიდებიან, მაგრამ ადასტურებენ, რომ, ქორწინებაზე უარის თქმის გამო, ქალი საკუთარ შვილს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. დედას და ე.წ. სასიძოს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
იძულებით ქორწინების ბრალდებით, ბოლნისის რაიონის ამავე სოფელში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს. მსხვერპლი, ამ შემთხვევაშიც, სკოლის მოსწავლეა. 112-ში შესული შეტყობინების ავტორი პოლიციის დახმარებას მას შემდეგ ითხოვდა, რაც სახლში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა. დედა პოლიციას ატყობინებდა, რომ მამაკაცი მისი შვილის გატაცებას გეგმავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
დაკავებულის ოჯახი ცივი იარაღის გამოყენებას უარყოფს. ამბობენ, რომ გოგოს ოჯახთან პრობლემა მოგვარებულია.
"კურიერი P.S.მა" სცადა, გასაუბრებოდა გოგონას დედას, რომელმაც შვილის გატაცების მცდელობა პოლიციას აცნობა. მოზარდის მამამ ოჯახს საუბრის უფლება არ მისცა. თავად გვითხრა, რომ ბიჭის ოჯახთან მოგვარდა და პრეტენზია აღარ გააჩნია.
აქ, ხშირად, მოზარდ გოგოებს უფროს მამაკაცზე ქორწინებას თავად მშობლები აიძულებენ. ნაადრევი ქორწინების პირისპირ მარტო დარჩენილი გოგონების ნაწილმა უკვე იცის, როგორ დაიხსნას თავი იძულებითი ქორწინებისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს უწყება იძულებითი ქორწინების 30-მდე საქმეს იძიებს.