შოტლანდიელმა წყვილმა საკუთარი ქორწილის ვიდეომასალა 57 წლის შემდეგ დაიბრუნა. ეილინ და ბილ ტერნბულებმა 1967 წელს, შოტლანდიაში იქორწინეს და ამ დღის ამსახველი ვიდეომასალა მხოლოდ ერთხელ ნახეს.
როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარმა, რომელიც ახლა ემიგრაციაში, ავსტრალიაში ცხოვრობს, საკუთარი ქორწილის ვიდეო 1967 წელს, ნათხოვარი პროექტორით ნახა და ტექნიკა პატრონს ისე დაუბრუნა, რომ არაფერი იცოდნენ მასში ჩარჩენილი ფირის შესახებ. ათწლეულების განმავლობაში, ტერნბულებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად გაქრა ქორწილის ვიდეომასალა.
რამდენიმე თვის წინ, შოტლანდიელმა კაცმა, ტერი ჩეინიმ გადაწყვიტა, ძველი ვიდეოები, რომელსაც მრავალი წელი აგროვებდა, DVD-ზე გადაეწერა. ამ დროს, კაცმა აღმოაჩინა კადრები, რომელზე გამოსახული ადამიანებიც ვერ იცნო. ტერი ჩეინიმ ვიდეოს ერთ-ერთი კადრი ადგილობრივი დასახლების Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასზე გამოსახულ წყვილს ეძებდა. საბოლოოდ, 6 თვის შემდეგ, კადრმა ადრესატამდე მიაღწია.
"სრულიად გასაოცარი იყო, ვერ ვიჯერებდი. Facebook-ზე ვიყავი შესული და ქორწილის ფოტოს გადავაწყდი. ჩემს ქმარს მივუბრუნდი და ვუთხარი: "ეს ჩვენი ქორწილის ფოტოა", - ამბობს ქალი.
მოხუცმა მაშინვე მისწერა პოსტის ავტორს. აღმოჩნდა, რომ კაცი იმ ადამიანის ბიძაა, ვისგანაც წყვილმა, 57 წლის წინ, პროექტორი ითხოვა.
საბოლოოდ, ცოლ-ქმარს ქორწილის სრული ვიდეომასალა დაუბრუნეს.