21 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
"იმედია, როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ბანერების შეფასებაში, ასევე თამამი იქნება საარჩევნო დარღვევის შეფასებასა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში" - შალვა პაპუაშვილი

სამი ტელეკომპანია, "ქართული ოცნების" ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს. საუბარია ახალ საარჩევნო ბანერებზე წარწერით "არა ომს! აირჩიე მშვიდობა!"

"ფორმულა", "მთავარი" და "TV პირველი" ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ სრულად იზიარებს ევროკავშირის ელჩის ნეგატიურ შეფასებას.

სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ, სწორედ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შემდეგ, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაბლოკეს ტელევიზიებმა "ქართული ოცნების" საარჩევნო ვიდეორგოლები.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედს იტოვებს, რომ ევროკავშირის ელჩი ტელევიზიების გადაწყვეტილების შეფასების საკითხში ისეთივე თამამი იქნება, როგორიც ის "ქართული ოცნების" ბანერების შეფასების დროს იყო. 

"ცალსახაა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" სარეკლამო საარჩევნო კლიპი არ გაუშვან. ეს არის აბსოლუტური თვითნებობა, რომელსაც ჩადის სამი ტელევიზია, ეს არის კანონის დარღვევა.

უნდათ არათანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა "ქართული ოცნებისთვის". ჩვენ ვნახეთ, როგორც ტელევიზიების, ისე NGO-ების განცხადებაში, რომ საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ - ევროკავშირის ელჩის განცხადება.

ეს არის იმის დასტური, რომ არჩევნებში საგარეო ჩარევას აქვს მავნე შედეგი. ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ კანონის დარღვევა. მათ შორის, გამოიწვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან ამის გამართლება.

როგორი თამამიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ სარეკლამო ბანერების შეფასებაში, იმედია, ასევე თამამი იქნება ის საარჩევნო დარღვევის შეფასებაში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან კანონდარღვევის გამართლების დაგმობაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები