აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში შეხვდა.
ეს ის ადგილია, სადაც, დაახლოებით სამი თვის წინ, ტრამპს თავს დაესხნენ. მან რამდენჯერმე გაიხსენა ივლისში განხორციელებული მკვლელობის მცდელობა და თქვა, რომ ამ მოვლენებმა მისი მხარდამჭერები გახადა "უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და უფრო ახლოს გამარჯვებასთან, ვიდრე ოდესმე".
სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა პოლიტიკური ოპონენტებიც გააკრიტიკა.
"15 წამის განმავლობაში, დრო გაჩერდა, მაგრამ ბოროტმოქმედმა თავის მიზანს ვერ მიაღწია. თქვენ იმსახურებთ მთავრობას, რომელიც იცავს და პატივს სცემს საკუთარ მოქალაქეებს, რომელიც იცავს თქვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ღირსებასა და თავისუფლებას. უკანასკნელი რვა წელია, ისინი, ვისაც სურს, ხელი შეგვიშალოს, ცილს მწამებენ, სხვადასხვა ბრალდებას მიყენებენ, ცდილობდნენ ჩემი სახელის ბიულეტენიდან ამოღებას და ვინ იცის, იქნებ, ჩემი მოკვლაც კი სცადეს, მაგრამ მე არასდროს შევწყვეტ თქვენთვის ბრძოლას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.