ბოსნია და ჰერცეგოვინა ძლიერ სტიქიას ებრძვის. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 21-ს აღწევს. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ბევრია დაკარგულიც და დაშავებულიც. წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილები დააზარალა. დატბორილია სახლები, მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი დაკარგა. მაშველები ადგილობრივების გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.
სტიქიას ებრძვიან აზიაშიც. ტაივანში, ჯინშანის რაიონი სტიქიური უბედურების ზონაა. ნაპოვნია 2 ცხედარი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მოსული ნალექი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურად ითვლება. სტიქია მძვინვარებს ტაილანდშიც. ზიანი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ცხოველების პარკს მიადგა.
ბინადართა ევაკუაცია დროულად განხორციელდა. სტიქიის გამომწვევ მიზეზად მასშტაბური წვიმები სახელდება. წყალდიდობას ებრძვიან ამერიკაშიც. მექსიკაში, სტიქიის გამო დატბორილია სახლები და ქუჩები, ხალხი თავს დროებით თავშესაფრებში აფარებს. მოსახლეობის დახმარებას მაშველებთან ერთად მოხალისეებიც ცდილობენ.
სამაშველო ოპერაციებში ჩართულია შტატის პოლიცია და ეროვნული გვარდიაც. სინოპტიკოსები ქვეყნებში, სადაც სტიქია ამ დრომდე მძვინვარებს, გამოდარებას უახლოეს პერიოდში არ ელოდებიან. ექსპერტები ამბობენ, რომ წყალდიდობა კვლავ მოსალოდნელია, რამაც შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობის ზრდაც გამოიწვიოს.