21 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ქარდები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა - მმართველ გუნდში ფაქტს ისევ გარე ჩარევად და ამომრჩეველზე გავლენის მცდელობად აფასებენ

სოციალურ ქსელში, შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ქარდს, სახელისუფლებო პარტია, პარტნიორის მხირდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბანერებით კომუნიკაცია მიუღებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც, მათი თქმით, ქარდები სიმართლეს არ ასახავს. მმართველი გუნდი ამ ქმედებას ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობასაც უწოდებს.

ხელისუფლების ოპონენტებს, კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც შტატებმა აირჩია, მოსწონთ და მეტიც, მიიჩნევენ, რომ ამერიკის საელჩომ ქარდების გამოქვეყნება დააგვიანა კიდეც. ამერიკის საელჩოს ქარდი ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა სახელისუფლებო გუნდისთვის. როგორც "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, შტატების მხრიდან კრიტიკა ევროკავშირის წევრი იმ სახელმწიფოების მიმართ არ ისმის, სადაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა რეალურად მოხდა.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველი პარტია არ გამორიცხავს, რომ პროცესში გარე ჩარევების მცდელობები გახშირდეს - ამის მორიგი დასტური მათთვის ის ელექტრონული შეტყობინებებია, რომელიც საელჩომ საქართველოში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს გაუგზავნა. ირკვევა, რომ შტატები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მეტიც, ურჩევს თავი აარიდონ საპროტესტო ზონებს.

ოპოზიცია ამ წერილს სტანდარტულ გზავნილს უწოდებს და საეჭვოს გზავნილში ვერაფერს ხედავს. კითხვები აქვს სახელისუფლებო პარტიას და პასუხებს ამერიკის საელჩოსგან ელის. რატომ ახსენა შტატებმა წერილში მოსალოდნელი პროტესტი, ძალადობა და რა ინფორმაციას ფლობს პარტნიორი ქვეყნის დიპლომატიური უწყება - ეს მთავარი შეკითხვაა, რომელიც ახლა "ქართულ ოცნებას" აქვს. მმართველი ძალის თქმით, აღნიშნული შეტყობინებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც თავად დიდი ხანია საუბრობენ, რომ ოპოზიცია და გარე ძალები არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებიან. არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ზუსტად 21 დღეში ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს გააკეთებს.

დღის ამბები