21 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
კანონი არცერთი ადამიანის უფლებას არ ზღუდავს, ჩვენ ვიცავთ მოზარდ თაობას, ახალგაზრდობას, ოჯახის უფლებებს - ირაკლი ქადაგიშვილი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჯიმ ო"ბრაიენი შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ შტატები ყოველთვის ხმას აიმაღლებს, რათა დაიცვას ადამიანის უფლებები.

ო"ბრაიენის გამოხმაურებას შეფასებები მოჰყვა თბილისში.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კანონი არცერთი ადამიანის უფლებას არ ზღუდავს და პირიქით, იცავს მათ.

"კანონი არცერთი ადამიანის უფლებას არ ზღუდავს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ საქართველომ 2014 წელს, ამ ხელისუფლების პირობებში მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რითაც ყველა ადამიანის უფლება არის დაცული. მათ შორის, განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისაც. აქედან გამომდინარე, აქ არანაირი დისკრიმინაცია არ არის. ჩვენ ვიცავთ მოზარდ თაობას, ახალგაზრდობას, ოჯახის უფლებებს. ვიტყვი იმასაც, რომ მაგალითად შეერთებული შტატების მთელ რიგ შტატებში არის სპეციალური კანონმდებლობები მიღებული, რომ დაცული იყოს ანალოგიურად მოზარდების, ბავშვების და ოჯახის უფლებები,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. 

დღის ამბები