21 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, "ევროპის სახალხო პარტია" კვლავ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს მთავრობას მაინც მოუწოდებს, დაასრულოს პოლიტიკური დევნა და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაში წერია, რომ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი EPP სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, ეს მაშინ როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო მონაცემებისა თუ ინდექსების მიხედვით, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა და ხშირ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი უსწრებს მონაცემებით.

პარადოქსია, თუმცა "ნაცმოძრაობის" ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაჯერებული რეზოლუცია, ევროკავშირსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს პერსონალური სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე.

შეგახსენებთ, რომ “ევროპის სახალხო პარტია“ ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია. სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას ექნება გადამწყვეტი გავლენა ევროკავშირზე შემდეგი წლების განმავლობაში. ევროკავშირზე მისი უზარმაზარი გავლენის მქონე ჯგუფი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აქტიური მხარდამჭერია. “ევროპის სახალხო პარტიის” ასოცირებული წევრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო დამკვირვებელი წევრი -“ევროპული საქართველო“, სწორედ ამ უკანასკნელით არის მათი საქართველოს ხელისუფლების მიმართ წარმოებული კრიტიკული რიტორიკა განპირობებული. ამავე პარტიის წევრია ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც. EPP-ს ამჟამად ჰყავს 82 პარტია და პარტნიორი 43 ქვეყნიდან.

წყარო: ipress.ge

დღის ამბები